თერჯოლის სოფელ კვახჭირის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

901

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები ხელისუფლებას ტყუილ დაპირებებსა და პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას ინტერორესნიუსი ავრცელებს.

მოსახლეობის თქმით, “ქართული ოცნება“ მათ საარჩევნოდ გზის და წყლის პრობლემის მოგვარებას დაპირდა, თუმცა მათ უბანში “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაიმარჯვა და სამუშაოები არ განხორციელებულა.

“საარჩევნოდ მოვიდნენ და დაგვპირდნენ, რომ გზას გაგვიკეთებდნენ, ასევე მოაგვარებდნენ წყლის პრობლემას. დასრულდა არჩევნები, მაგრამ მას შემდეგ არავინ მოსულა. ინფრასტრუქტურა მთლიანად მოშლილია და გადაადგილებას ვერ ვახერხებთ. ჩვენს სოფელში “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაიმარჯვა, ამიტომ სამაგიეროს გვიხდიან და დაპირებებს არ ასრულებენ. გარეგანათებაც იქამდე გააკეთეს, სადაც “ქართული ოცნების” მხარდამჭერები ცხოვრობენ”, -განაცხადეს ადგილობრივებმა.

მოსახლეობას სოლიდარობა გამოუცხადეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა. მათი თქმით, არასწორია, როდესაც ხელისუფლება მოსახლეობას პოლიტიკური ნიშნით არჩევს. ორგანიზაციის წევრები ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდებენ.