ყოფილი დეპუტატი მდინარე რიონზე სწრაფმავალი ხომალდებით რეგულარული რეისების დანიშვნას ითხოვს

2003

სტატიის გაგრძელება

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის პროფესორი და მერვე მოწვევის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე, მდინარე რიონზე სწრაფმავალი ხომალდებით რეგულარული რეისების დანიშვნის იდეით გამოდის. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

პროფესორი ამბობს, რომ მცირე ზომის ხომალდები ფოთიდან ვანამდე რეგულარულ რეისებს შეასრულებს. ხომალდები ისტორიულ გემს “არგოს” უნდა ჰგავდეს.

“არსებობს იდეა, რომლის ერთ-ერთი ავტორი მეც ვარ, რომ გაკეთდეს რეგულარული მარშრუტი, ჭყვიშამდე, ვანამდე, “არგოს” სტილის პატარა ხომალდებით. ქუთაისამდე ვერ მოვა, რადგან რიონჰესმა და ვარციხეჰესმა დააშრო რიონი. ტურისტები ივლიან ბათუმიდან, ქობულეთიდან და ფაზისის გავლით შემოვლენ აიეტის სამყაროში, ძველ კოლხეთში”, – ამბობს ომარ ნიშნიანიძე.

აღნიშნული იდეის გარდა, პროფესორმა უკვე დაიწყო გემ “არგოს” მშენებლობა, რომელიც მისი თქმით, ხის მასალისგან დამზადდება და 20-მდე ადამიანზე იქნება გათვლილი. ნიშნიანიძე ამბობს, რომ “არგო” მდგრადი და უსაფრთხო იქნება. თუმცა, მდინარე რიონში, მცირეწყლიანიობის გამო, რეგულარული რეისების შესრულება ამ გემით ვერ მოხერხდება.

მერვე მოწვევის პარლამენტის ყოფილმა წევრმა, “არგოს” მშენებლობის დაწყებამდე, ქუთაისში მდინარე რიონზე პორტის მოწყობის იდეა ჯერ კიდევ 2013 წელს გააჟღერა. მისი თქმით, ქუთაისს აქვს შესაძლებლობა საპორტო ქალაქად იქცეს.

დეპუტატი მაშინ ამ იდეის გამო საზოგადოებამ მწვავედ გააკრიტიკა.