ბორჯომში კიდევ ერთი ახლადშექმნილი ფრაქციისთვის ბიუჯეტიდან 40 200 ლარი გაიწერება

261

ბორჯომის საკრებულოში რიგით მეშვიდე ფრაქცია “ბორჯომის სიკეთისათვის“ შეიქმნა. წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან ფრაქციის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის ხელფასისთვის 40 200 ლარი გამოიყოფა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ფრაქცია “ბორჯომის სიკეთისათვის“ პატრიოტთა ალიანსის სამი წევრისაგან შედგება. მისი ხელმძღვანელი ვიოლეტა ბალახაშვილია, რომელიც აქამდე განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიიის თავმჯდომარე იყო, თუმცა თანამდებობა გასულ კვირას, საკუთარი გადაწყვეტილებით, ბორჯომი საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დატოვა. ბალახაშვილის მოადგილედ ფრაქციაში პატრიოტთა ალიანსის წევრი ნიკოლოზ კიკნაძე დაინიშნა.

თავმჯდომარის ხელფასის წლიური ოდენობა 23 400 ლარს, მოადგილისა კი 16 800 ლარს შეადგენს.

“ბორჯომს არ აქვს იმის გაჭირვება რომ ორი კაცი ვერ შეინახოს. სამაგიეროდ ბევრ სიკეთეს გავუკეთებთ მთელს ბორჯომს სამომავლოდ“, – ამბობს ბალახაშვილი.

შეკითხვეზე, რა იქნება ის სიკეთე, რასაც ბორჯომის მუნიციპალიტეტი ამ ფრაქციის შექმნით მიიღებს გამოცემა “სამხრეთის კარიბჭეს” პასუხობს: “ვფიქრობ, რომ მთელი ბოჯომის მასშტაბით ძალიან ბევრი დაგვიდგება გვერდში, იმიტომ რომ ბორჯომს მართლაც სიკეთე გავუკეთოთ. ვინც მიცნობს იცის რომ მართლაც სიცოცხლეს ვანაცვალებ ყველა საქმეს რაშიც ვარ“.

ბორჯომის საკრებულოში, ახლადშექმნილი ფრაქციის ჩათვლით, რეგისტრირებული სულ შვიდი ფრაქციააა.

“ახალი ფრაქციის შექმნაზე განცხადება ბალახაშვილმა თვითონ შემოიტანა, ჩვენ უბრალოდ ცნობად მივიღეთ. ვიცი რომ ბევრ საჭირბოროტო საკითხს დააყენებენ სხდომებზე და ბევრ კარგ რამესაც გააკეთებენ“, – ამბობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი.

თვითმართველობის საკითხებში ექსპერტი ირაკლი მელაშვილი ამბობს, რომ საკრებულოს მუშაობაში ფრაქციები მნიშვნელოვნად არაფერს ცვლიან

“ფრაქციები ხელფასების გამოა შექმნილი და ადმინისტრაციული ხარჯებისათვის. თუ ფრაქცია გექნება, გექენბა ხელფასიც. ფრაქცია უნდა იქმნებოდეს რაღაცა განსხვავებული პოლიტიკური ან ერთიანი პოლიტიკური შეხედულებების ნიადაგზე და რაღაცა პროგრამულ პრინციპებზე. ჩვენ შემთხვევაში კი მას მხოლოდ ხელფასების მისაღბად ქმნიან”, – განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.