“ვარკეთილის“, “გურამიშვილის“, “ავლაბრისა” და “გოცირიძის“ მეტროსადგურების რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდება

1929

წინა სტატია

“ვარკეთილის“, “გურამიშვილის“, “ავლაბრისა” და “გოცირიძის“ მეტროსადგურების სარემონტო სამუშაოებზე ტენდერი 2019 წლის ბოლოს ან 2020 წლის დასაწყისში გამოცხადდება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები აღნიშნული მეტროსადგურების კვლევების ჩასატარებლად, რომლის დასრულების შემდგომ პროექტის მომზადება დაიწყება.

“თბილისის მეტროს სადგურების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში 2019 წელს თბილისის სატრანსპორტო კომპანია, თბილისის მერიის მხარდაჭერით მეტროსადგურების კაპიტალურ რემონტს გეგმავს. ვინაიდან მეტროსადგურების უმეტესობა უკვე 50 წელზე მეტია ემსახურება ქალაქს, კომპანიის გადაწყვეტილებით, ყველა სადგურის რეაბილიტაცია მხოლოდ მისი სრულფასოვანი კვლევის შემდეგ ჩატარდება. კერძოდ, სადგურებს ჩაუტარდებათ გეოლოგიური და ინსტრუმენტალური კვლევა, ასევე შემოწმდება შენობა-ნაგებობის მდგრადობა.

კვლევის ჩატარების შემდეგ დაიწყება არქიტექტურული პროექტის მომზადება და ბოლოს დაიწყება სარემონტო სამუშაოები.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები “ვარკეთილის“, “გურამიშვილისა“ და “ავლაბრის“ მეტროსადგურების კვლევების ჩასატარებლად, რომლის დასრულების შემდგომ პროექტის მომზადება დაიწყება. სარემონტო სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადება იგეგმება 2019 წლის ბოლოს, ან 2020 წლის დასაწყისში. ასევე, 2019 წელს თავიდან გამოცხადდება ტენდერი სადგურ “გოცირიძის“ რეაბილიტაციაზე და გადახურვაზე“, – აცხადებენ კომპანიაში.

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მეტროსადგურ “ავლაბარში“ სამუშაოების არსებული პროექტით წარმოება მისთვის კატეგორიულად მიუღებელია და მეტროსადგურების რეაბილიტაციის ყველა პროექტი გადასახედია.

მერიის გადაწყვეტილებით, თბილისის მეტროს რეაბილიტაცია განსხვავებული სტანდარტით მოხდება, რისთვისაც სატრანსპორტო კომპანია არქიტექტორების და დიზაინერების ჯგუფთან ერთად იმუშავებს.