გამოკითხულთა 68,8% მიიჩნევს, რომ თანამდებობის პირები ძალაუფლებას პირადი სარგებლობისთვის იყენებენ

1111

გამოკითხული მოსახლეობის 68,8% მიიჩნევს, რომ თანამდებობის პირები ძალაუფლებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით იყენებენ, –  ნათქვამია კვლევაში, რომელიც “ღია საზოგადოების ფონდმა” ჩაატარა.

ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 58,6%-ს სჯერა, რომ თანამდებობის პირები ბიზნესს თანხის სანაცვლოდ მფარველობენ.

კითხვაზე, შეუშლის თუ არა ხელს დიდი ბიზნესის წარმატებას მისი მფლობელის მიერ ოპოზიციური პარტიის დაფინანსება – მოსახლეობას ასე პასუხობს: ძალიან შეუშლის – 26,4%, მეტნაკლებად შეუშლის – 36%, არცთუ ისე შეუშლის – 10,2%, საერთოდ არ შეუშლის – 5,6%, არ ვიცი/უარი პასუხზე – 21,8%.

გამოკითხულთა 77,2% მიიჩნევს, რომ მთავრობის წევრებს საკუთარი ბიზნესი აქვთ. ამასთან, მთავრობის წევრის მიერ თანამდებობის პარალელურად ბიზნესის ფლობას მოსახლეობის 68,5% დიდ ან არცთუ ისე დიდ პრობლემად მიიჩნევს.

კითხვაზე, დასაქმების ვის უფრო მაღალი შანსი აქვს: კანდიდატს შესაბამისი უნარებით თუ მინისტრის ნათესავს ნაკლები უნარებით – მოსახლოების 68,8 პროცენტი პასუხობს, რომ მაღალჩინოსნის ნათესავს.

კვლევის ფარგლებში 1 786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1187 რეგიონებში) გამოიკითხა. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 2,9%-ია, თუმცა თითოეულ კითხვას ინდივიდუალური ცდომილების ზღვარი აქვს და შესაძლოა, ის არ ემთხვეოდეს საშუალო ცდომილების ზღვარს. საველე სამუშაოები 2018 წლის 16-27 ნოემბრის პერიოდში მიმდინარეობდა.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოკითხვა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ, “ღია საზოგადოების ფონდისა” და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა.