რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში პრეზენტაცია „სოციალური მეწარმეობა და მისი სამართლებრივი რეგულირების საჭიროება“ გაიმართა

665

სოციალურ მეწარმეობაზე და მისი განვითარების მნიშვნელობაზე იმსჯელეს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში, სადაც „სოციალური მეწარმეობის და მისი სამართებლივი რეგულირების საჭიროების“ თემაზე პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციას პარლამენტის წევრებისა და საინიციატივო ჯგუფის წევრების გარდა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

პროექტი, რომელიც ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული, საქართველოს პარლამენტის წევრის, მერაბ ქვარაიას და საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის, გერმანული საერთაშორისო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდისა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით ხორციელდება.

შეხვედრაზე პრეზენტაცია საინიციატივო ჯგუფის წევრმა, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელმა ეკა დათუაშვილმა წარმოადგინა. “ჩვენი მიზანია გაგიზიაროთ მოსაზრებები, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი სოციალური მეწარმეობის განვითარება ქვეყნის განვითარებისთვის. მოსაზრებები, რომელიც საინიციატივო ჯგუფს ეკუთვნის, სოციალურ მეწარმეებთან არის შეთანხმებული. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კარგ შედეგზე გავალთ და სოციალური მეწარმეობა კიდევ მეტად განვითარდება,“- განაცხადა ეკა დათუაშვილმა.

მომხსენებელმა სოციალური საწარმოს შესაძლო როლებზე ისაუბრა და კონკრეტული მაგალითებით განმარტა განმარტა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი სოციალური მეწარმეობის საკანონმდებლო რეგულირება. მან ასევე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა დამსწრე საზოგადოებას ევროკავშირის სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერი პოლიტიკის და ევროკავშირის სოციალური ეკონომიკის შესახებ.

მომხსენებელმა რეკომენდაციები წარმოადგინა, რომელიც ამ მიმართულებით ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებში სოციალური მეწარმეობის განვითარებას შეუწყობს ხელს. მათ შორის, სოციალური ინოვაციების მხარდასაჭერი პროგრამების გაძლიერება, კვლევების ხელშეწყობა, ეროვნულ სტატისტიკაში ასახვა, სასწავლო პროგრამებში სოციალური მეწარმეობის განვითარება და სხვა.

ეკა დათუაშვილმა სოციალური მეწარმეობის საკანონმდებლო რეგულირებაზე მომუშავე ჯგუფის საქმიანობასა და გეგმებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მსოფლიოს 7 ქვეყნის მაგალითზე განხორციელდა კვლევა, კვლევაზე დაყრდნობით, პოლონეთსა და დიდ ბრიტანეთში განხორციელდა სასწავლო ვიზიტი და შემოდგომაზე საერთაშორისო კონფერენციის გამართვა იგეგმება.

შეხვედრაზე სოციალური მეწარმეობის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით საჭირო რეგულაციების აუცილებლობაზე მსჯელობა გაიმართა და გამოითქვა მოსაზრებები, რომ მნიშვნელოვანია განვითარდეს არა მარტო სოციალური მეწარმეობა, შესაბამისად უნდა განვითარდეს საზოგადოების სოციალური პასუხისმგებლობა და ამას სწორედ საკანონმდებლო რეგულაციების ჩარჩოში მოქცევა სჭირდება და სწორედ ამ მიზნით საინიციატივო ჯგუფის მიერ მზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარლამენტში შესაბამისი პროცედურების დაცვით შემოვა.

შეხვედრაზე საკანონმდებლო ინიციატივის მთავარ მიზნებსა და კონცეპტუალურ საკითხებზე გამახვილდა ყურადღება. აღინიშნა, რომ განიმარტება და ჩამოყალიბდება სოციალური მეწარმეობის არსი და სოციალური საწარმოს კრიტერიუმები. ინიციატივაში დარეგულირებული იქნება საწარმოს სტატუსის მოპოვებისა და ჩამორთმევის მექანიზმები და გათვალისწინებული იქნება სხვა ქვეყნების პრაქტიკა ამ მიმართულებით.
საკითხთან დაკავშირებით შეხვედრაზე აქტიური მსჯელობა გაიმართა. იმსჯელეს თუ როგორ უნდა გადაიდგას პრაქტიკული ნაბიჯები იმისთვის, რომ სოციალური მეწარმეობა კიდევ უფრო კარგად განვითარდეს ქვეყანაში.

მოსაზრებები გამოითქვა ქვეყანაში სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციის, ახალი სოციალური საწარმოების ინიცირების და უკვე არსებულების გაძლიერების, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების, სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავებისა და თემის საკანონმდებლო რეგულირების მნიშვნელობასთან დაკავშირებით.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგოლ ლილუაშვილის მოსაზრებით, გასათვალისწინებელი და დასათვლელია ის რისკები, რომელიც შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივას შესაძლოა მოჰყვეს.

პროექტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა პარლამენტის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა. „მე პირადად მზად ვარ რომ ჩავერთო ამ პროცესში. ვიმუშაოთ ერთობლივად. მთავარია ისეთი შეზღუდვები არ დავუწესოთ პარტნიორებს, რომელიც საკუთრების უფლებას შეზღუდავს და კონსტიტუციასთან შეუსაბამობაში მოვა,“-განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, მერაბ ქვარაიას მოსაზრებით, მუშაობა საკანონმდებლო ინიციატივაზე უნდა გაგრძელდეს და მოდელი, რომელიც სამომავლოდ შეიქმნება, სრულად მორგებული უნდა იყოს არსებულ რეალობას და შესაბამისად მასში უნდა იყოს ასახული რისკებისგან დაცვის ყველა მექანიზმი.

„მთავარია დღეს აქ შევთანხმდეთ ერთ მთავარ პრინციპზე. სოციალური მეწარმეობის განვითარება ვაღიაროთ, როგორც მნიშვნელოვანი და საჭირო მიმართულება და შევთანხმდეთ, რომ საჭიროა დავიწყოთ მუშაობა მისი სამართლებრივი მხარდაჭერის და გაძლიერების მიმართულებით,“-აღნიშნა მერაბ ქვარაიამ.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად იმუშავებენ და საკანონმდებლო ინიციატივის ირგვლივ შეხვედრას უახლოეს მომავალში გამართავენ.