პეკინის ქუჩა შესაძლოა, ცალმხრივი გახდეს

1280

მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ პეკინის ქუჩა შესაძლოა, ცალმხრივი გახდეს. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, თუმცა განმარტეს, რომ ეს საკითხი ჯერ მხოლოდ იდეის დონეზე განიხილება.

„ქუჩაზე მოძრაობის სქემები მუდმივი დაკვირვების საგანია. არსებობს იდეა, რომ პეკინის ქუჩა ცალმხრივი გახდეს. ქუჩაზე ახლა მიმდინარე სამუშაოები კარგი შანსია ყოველდღიურობაში შევისწავლოთ ეს საკითხი“, – აცხადებენ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.

მათივე ცნობით, დაახლოებით, 1 თვეში გახდება შესაძლებელი იმის შეფასება, რამდენად მოსახერხებელია პეკინის ქუჩის ცალმხრივად გადაკეთება. ამასთან, როგორც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში აღნიშნავენ, იმ შემთხვევაში თუ პეკინის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი გახდება, კოსტავა-შარტავას ქუჩების გაცალმხრივებაც გახდება საჭირო.

რამდენიმე დღეა პეკინის გამზირზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რის გამოც რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე მოძრაობის მიმართულება შეიცვალა. მათ შორის, მოძრაობა შეიზღუდა და ცალმხრივი გახდა როგორც პეკინის გამზირზე, ისე შარტავას ქუჩაზე.

წყარო: ინტერპრესნიუსი