ხობის სოფელ ძველ ხიბულაში იმ სახლის რეკონსტრუქცია დაიწყო, რომელშიც ზვიად გამსახურდია გარდაიცვალა

1064

ხობის სოფელ ძველ ხიბულაში იმ სახლის რეკონსტრუქცია დაიწყო, სადაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა. პირველი ეტაპი იმ ნაწილის სადემონტაჟო სამუშაოებს მოიცავს, რაც გამაგრებას არ ექვემდებარება. თუმცა ძირითადი შენობა რჩება. შენობასა და ეზოს კი საგანგებოდ შემუშავებული პროექტის მიხედვით აღადგენენ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის თქმით, მათი სურვილია სამუშაოები შუა ზაფხულში დასრულდეს. ამიტომაც, რეკონსტრუქცია ინტენსტიურად მიმდინარეობს.

“პარარელურად, ჩვენ მუზეუმოგრაფიაზე ვმუშაობთ. ვფიქრობ, აქ განთავსდეს იმ პერიოდის ამსახველი მასალა, შეიძლება ეს იყოს ვიდეო მასალა, ფოტოც, თუ რის შედეგად მოხვდა ამ სახლში ზვიად გამსახურდია, რაზე დაფუძნებით იყო ეს ყველაფერი, რომ მომავალმა თაობებმა ნახონ და აღარ განმეორდეს მსგავსი რამ”, – განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.

სააგენტოს კოორდინაციით, სახლის რეკონსტრუქციას ფონდი “ქართუ” აფინანსებს. რა თანხა დაიხარჯება აღდგენისთვის, სააგენტოს დირექტორი არ აკონკრეტებს. ამბობს, რომ ფონდის ნაცვლად ის ვერ ისაუბრებს.

ზვიად გამსახურდია 26 წლის წინ ხობის სოფელ ძველ ხიბულაში, კარლო ღურწკაიას ოჯახში გარდაიცვალა. მოკლეს თუ თავი მოიკლა, ეს კითხვები დღემდე პასუხგაუცემელია. სოფელი მეპატრონემ, დაახლოებით, ათი წლის წინ, პირადი პრობლემების გამო დატოვა.