ცქიტიშვილი: ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია ზაფხულში დასრულდება

886

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია 2019 წლის ზაფხულში დასრულდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით,  პროექტი, რომელიც ისტორიული პარკების ევროპული ქსელის მოწვეული ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე  შემუშავდა, ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების განახლებას, წყალმომარაგების სისტემების გამართვასა და ბილიკების მოწყობას ითვალისწინებს.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია იმ საპროექტო დოკუმენტის საფუძველზე მიმდინარეობს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ფონდი “ქართუს“ დაფინანსებით, საქართველოს  მუზეუმების ასოციაციის  მიერ მომზადდა.

ამჟამად ბოტანიკური ბაღის შიდა ბილიკების, ადმინისტრაციული შენობის და სარწყავი არხის მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტს  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ახორციელებენ.

“სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე შესრულებულია, ძალიან კარგი შედეგები გვაქვს. ზაფხულში დავასრულებთ ამ პროექტს და ზუგდიდელებსა და ქალაქის სტუმრებს შესანიშნავი სივრცე დახვდებათ დასვენებისთვის. ეს არის ნაწილი დადიანების სასახლის ტერიტორიის, სადაც ბევრი სამუშაო განხორციელდა, მათ შორისაა, ბოლო დროს, “ქართუს” დახმარებით, ნიკოსეული სასახლის რეაბილიტაცია.  მთლიანობაში, ეს კომპლექსი, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მიმზიდველი ტურისტული ადგილი გახდება,“ – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

ამასთან, ცნობილია, რომ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქციის პროექტის მიხედვით, განახლებულ ბაღში დამთვალიერებლისთვის ერთჯერადი ბილეთი 3 ლარი, 1 თვიანი აბონემენტი 30 ლარი, 3 თვიანი 60 ლარი, ხოლო, სადღესასწაულო ღონისძიებების მოწყობა ბოტანიკურ ბაღში 300 ლარი ეღირება.