სამოქალაქო აქტივისტმა პრემიერსა და პრეზიდენტს ბათუმის თეატრის გახსნაზე თავზე პროკლამაციები დააყარა (ვიდეო)

960

“ამხანაგებო, ბათუმი საფრთხეშია! ვერაგი მთავრობა თავისი ცემენტიანი ხელებით ეპოტინება ბათუმს, მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ქალაქს!ქუდზე კაცი და კოლგოტზე ქალი, ძველი ბათუმის დასაცავად!” – ამ შინაარსის პროკლამაციები სტუდენტმა ბათუმის დრამატული თეატრის მესამე იარუსიდან გადმოყარა, სადაც საპრემიერო ჩვენებას პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

აქცია-პერფომანსს სპექტაკლზე მყოფმა პარლამენტის წევრმა მარიამ ჯაშმა სიტყვის გამოხატვისა და მოქალაქის პოზიციის დაფიქსირების საინტერესო გამოხატვის ფორმა უწოდა.

შეგახსენებთ, რომ ძველი ბათუმის დაცვის ზონის ამოქმედებას მოქალაქეები, საინიციატივო ჯგუფი “დაიცავი ძველი ბათუმი” და საზოგადოება “ბათომი” 2016 წლიდან ითხოვენ, ბოლო პერიოდში კი გამოსვლები და აქციები ინტენსიურად მიმდინარეობს.

მოქალაქეები ქალაქის ქაოსურად განაშენიანებას, სანაპირო ზოლში ცათამჯენების მშენებლობას, ისტორიული და კულტურული ურბანული ქსოვილის განადგურებას და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ხელყოფას აპროტესტებენ. ძველი ბათუმის ტერიტორიაზე კი ისტორიული დაცვის ზონის შემოღებას ითხოვენ, რომელიც უზრუნველყოფს ამ ზონაში მშენებლობის რეგულაციების დაწესებას.