ქობულეთში მწვანე ქალაქისა და გოლფის მოედნის მშენებლობა იწყება (ვიდეო)

1117

ქობულეთში მწვანე ქალაქისა და გოლფის მოედნის “Green Resort-ის” მშენებლობა იწყება. ამ ტერიტორიაზე, 180 ჰექტარზე, სამ წელიწადში გაშენდება მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი და ჩვენ ყველანი ვიამაყებთ ამით. ეს ნახევარ მილიარდიანი ინვესტიციაა, რომლის წყალობითაც აჭარა ოთხსეზონიანი კურორტი გახდება, –  განაცხადა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ პროექტის პრეზენტაციაზე.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ეს არის ყველაზე დიდი ინვესტიცია, რაც კი ოდესმე აჭარის ტურისტულ ინფრასტრუქტურაში განხორციელებულა  და ამ მასშტაბური ინვესტიციიდან მცირე ბიზნესიც ძალიან დიდი სარგებელს მიიღებს. მისი თქმით, ახალი მწვანე ქალაქი მთელი საქართველოსთვის სავიზიტო ბარათი გახდება.

პრემიერმინისტრის თქმით, აღნიშნული პროექტი იქნება მულტიფუნქციური და პროექტის ფარგლებში “ფიფას“ სტანდარტების საფეხბურთო, ასევე, გოლფისა და ჩოგბურთის მოედნები მოეწყობა. პრემიერის ინფორმაციით, პროექტის განხორციელებით 500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

“Green Resort“ ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალებით აშენდება და ტერიტორია აღიჭურვება ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიებით, როგორიცაა ელექტრომობილების დასამუხტი სადგურები და მზის ენერგიის პანელები.

პროექტი ხორციელდება კომპანია “გრინ რეზორთის“ მიერ “ელ & ერ“ კომპანისთან პარტნიორობით, რომელიც 2014 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოში და არაერთი ევროპული ინვესტიცია მოიზიდა.