ხმალაძე: ზონალური პარკირება ახალი ავტობუსების შემოსვლის შემდეგ ამოქმედდება

841

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

მერია ზონალური პარკირების საპილოტე პროექტის ამოქმედებას მას შემდეგ გეგმავს, რაც მოსახლეობას ახალი ავტობუსების სახით ალტერნატივას შესთავაზებს, – ამის შესახებ თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ “ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარის დავით მესხიშვილის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

“დავით მესხიშვილისგან, ზონალურ პარკირებასთან დაკავშირებით, მე პირადად სერიოზული განცხადება ვერ მოვისმინე და არც ეს განცხადება არ არის სერიოზული. დავით მესხიშვილი რომ ლაპარაკობს ალტერნატივა შევთავაზოთო, ან არ ისმენს რას ვლაპარაკობთ, ან ისმენს და არ უნდა გაიგოს და იტყუება. ჩვენ ზონალურ პარკირებაზე მას შემდეგ დავიწყეთ საუბარი, რაც ავტობუსები ვიყიდეთ და ზონალურ პარკირებაზე საპილოტე პროექტს მას შემდეგ ვიწყებთ, რაც ავტობუსები თბილისში უკვე შემოსული იქნება. ის ადგილი, სადაც საპილოტე პროექტი უნდა განხორციელდეს, უზრუნველყოფილი იქნება ალტერნატიული, განვითარებული, ახალი, ჩანაცვლებული ტრანსპორტით და ვერ მივიღებ ამ კრიტიკას დავით მესხიშვილისგან, ისევე როგორც სხვა ოპონენტებისგან, რომ მერიამ ჯერ ის უნდა გააკეთოს და მერე ეს.

პირველი მარტიდანვე შეგვეძლო ყოფილიყო ზონალური პარკირება, მაგრამ არ ვაკეთებთ, იმიტომ, რომ ჯერ არ არის ახალი ავტობუსები თბილისში და როცა შემოვა და მივაწვდით საზოგადოებას ახალ, ჩანაცვლებულ, განვითარებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მხოლოდ მას შემდეგ მოხდება საპილოტე პროექტის განხორციელება ერთ ლოკაციაზე და არა მთელ თბილისში”, – განაცხადა ხმალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მაისის დასაწყისში დედაქალაქს 90 ახალი 10-მეტრიანი ავტობუსი შეემატება.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია “ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა განაცხადა, რომ ზონალური პარკირების პროექტის განხორციელებამდე, მერიას ჯერ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მდგომარეობა უნდა გაეუმჯობესებინა და შემდეგ, შესაძლოა, აღარ გამხდარიყო საჭირო პარკირების გაძვირება. მისი თქმით, ამ შემთხვევაში მერია თანმიმდევრობას არღვევს, როცა ამ რეფორმას პირველ ეტაპზე ახორციელებს და მოსახლეობას ალტერნატივას არ სთავაზობს.

დედაქალაქში პარკირებაზე საათობრივი გადასახადი, თავდაპირველად კოტე აფხაზისა (ლესელიძის) და მის მიმდებარე ქუჩებზე 1-ელი ივლისიდან დაწესდება. ამასთან, კოტე აფხაზის ქუჩაზე ტაქსებისთვის უფასო საპარკინგე ადგილები განისაზღვრება.

თბილისის ვიცემერის ირაკლი ხმალაძის ინიციატივით, პარკირების ზონალური საფასური, სავარაუდოდ, 50 თეთრიდან განისაზღვრება. ხოლო, ყველაზე მაღალი საფასური, შესაძლოა, საათში 2 ლარი იყოს.

ამასთან, თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მძღოლებს ავტომანქანის უფასოდ პარკირება დღეში 4-ჯერ, 15-15 წუთით შეეძლებათ.

პარკირების საათობრვ გადასახადს ელექტრომობილების მფლობელები და შშმ პირები არ გადაიხდიან. ხოლო, სამუშაო ოფისებთან მანქანების გაჩერებაზე პარკირების საფასური საათობრივად განისაზღვრება.

“პარკირებაზე გადახდის საათობრივი სისტემის შემოღების მიზანი არის არა ის, რომ პარკინგის სისტემა კომფორტული გახდეს, მისი მიზანია, რომ გაიძულოთ გადახვიდეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე”, – ამბობს თბილისის ვიცემერი.

ის პირები კი, რომლებსაც პარკირების გადასახადი წლის ბოლომდე გადახდილი აქვთ, ზონალური პარკირების ადგილებში დამატებით საფასურს მაინც გადაიხდიან.

ასევე, ცნობილია, რომ საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ზონალური საპარკინგე სივრცეების შემოღებას მხარს არ დაუჭერენ.