აჭარის მთავრობის სახლთან “ნაცმოძრაობის” წევრები აქცია-პერფორმანსს მართავენ

759

აჭარის მთავრობის სახლთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და ე.წ. ალტერნატიული მთავრობის წევრები აქცია-პერფორმანსს მართავენ. აქციის ლოზუნგია – “ბიძინას პროექტები აჭარაში 2013-2019 წლებში – მოპარულია 100 მილიონი ლარი”. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, 2013-2019 წლებში მმართველმა გუნდმა აჭარაში სხვადასხვა პროექტებიდან მილიონობით ლარი მიითვისა. ოპოზიციის წევრებმა აჭარის მთავრობის სახლთან იმ პროექტების ფოტოები გამოფინეს, რომლებიც, მათი მტკიცებით, შეჩერებულია.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ შეჩერებული პროექტების შესახებ პროკურატურას უკვე მიმართეს, თუმცა შედეგი არ არის.

“ჩვენი დღევანდელი აქცია-პერფორმანსი აჭარაში ბიძინა ივანიშვილის მიერ შეჩერებული პროექტების წარმოჩენას გულისხმობს. წარმოვადგინეთ 21 პროექტი, რომლითაც ბიუჯეტიდან საერთო ჯამში 100 მილიონი ლარია მოპარული. ამ პროექტების შესახებ ინფორმირებულია პროკურატურა, თუმცა რეაგირებას არ ახდენს. პროექტები ძირითადად ეხება ნაპირსამაგრ სამუშაოებს, სკოლებსა და წყლის სისტემების რეაბილიტაციას, ასევე სხვა მრავალ პროექტს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის კორუფციული მთავრობა არის ჩართული და მილიონებს ითვისებს. ჩვენი მიზანია თითოეულ ბათუმელს დავანახოთ რაში იხარჯება ხალხის ფული”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ანრი გუბაევმა.