თბილისის მერიაში ელექტროდამტენების დამონტაჟების მოთხოვნით 59 განაცხადი შევიდა

711

წინა სტატია

სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე – chargers.tbilisi.gov.ge-ზე ძალიან ბევრი მომხმარებელი დარეგისტრირდა და პირველი თებერვლიდან დღემდე, საკუთარ სახლთან ელექტროდამტენისდამონტაჟების მოთხოვნით, მერიაში 59 განაცხადი შემოვიდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“ელექტროდამტენების თემა მნიშვნელოვანია. როგორც იცით, წახალისების მიზნით, მთავრობის რამდენიმე სხდომის წინ განვაცხადეთ, რომ ვისაც ელექტრომობილები ჰყავს, ან ვინც აპირებს შეიძინოს, შეუძლია, დედაქალაქის მთავრობას მიმართოს და ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, მათ საცხოვრებელ სახლებთან ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ელექტროდამტენები დავამონტაჟოთ. თან ისეთი მოდელი შევიმუშავეთ, რომ არც მუნიციპალიტეტს მოუწევს თანხის დახარჯვა. ბიზნესთან მუშაობით და ერთიანი შეთანხმებით, ეს საქმეც ბოლომდე მივიყვანეთ. გამოცხადებული გვქონდა კონკურსი და გვყავს გამარჯვებული კომპანია “ქართლი ენერჯი“, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას, რომ ელექტროდამტენები დამონტაჟდეს იმ კონკრეტულ ადგილებზე, სადაც მოთხოვნაა. პირველი თებერვლიდან დღემდე 59 მოთხოვნაა შემოსული. ამ პროექტის განხორციელებას მომდევნო დღეების განმავლობაში დავიწყებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა თავის მოადგილეს ირაკლი ბენდელიანს დაავალა, იმ ქუჩებზე, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება, გათვალისწინებული იყოს ელექტროდამტენებისთვის საჭირო საკომუნიკაციო ქსელი, რათა მოგვიანებით, მონტაჟის ეტაპზე, გზის საფარი არ დაზიანდეს.