პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტმა “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონპროექტს მხარი დაუჭირა

2

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტი კომიტეტის სხდომაზე აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ წარადგინა.

„რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, სასოფლო-სამეურნეო მიწასთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკა არ იყო თანმიმდევრული და ერთიანი, რამაც დარგში გარკვეული სირთულეები გამოიწვია. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, სოფლის მეურნეობა გახლდათ განსაკუთრებული მიმართულება, რომელსაც სახელმწიფო ხელს უწყობდა ძალიან ბევრი პროგრამით. იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობდა ერთიანი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც უზრუნველყოფდა სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას ძალიან ბევრმა პრობლემამ იჩინა თავი“, – განაცხადა მომხსენებელმა საკითხის წარდგენისას.

მისი განმარტებით, ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, მიწა წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და მოქალაქეებს მხოლოდ სარგებლობის უფლებით გადაეცემოდათ. „1992 წლის რეფორმას მოჰყვა სასოფლო-სამეურნეო მიწების განსახელმწიფოებრიობა, თუმცა, თავიდანვე ვერ ჩამოყალიბდა საკუთრების უფლების დაცვის მკაფიო მექანიზმები, რამაც ვერ შეიტანა სტიმული დარგის განვითარებაში. 2012 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე შეზღუდვა მიჩნეული იქნა არაკონსტიტუციურად და ეს საკითხი, რომელიც ყველა სახელმწიფოში განსაკუთრებული რეგულაციის ქვეშ ექცევა, საქართველოს კანონმდებლობით, სპეციალური მოწესრიგების მიღმა დარჩა“, – აღნიშნა დანელიამ.

მისი განმარტებით, 2017 წელს, კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღებამდე, მორატორიუმი გამოცხადდა. „კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-19 მუხლში ცალკე პუნქტი დაეთმო სასოფლო-სამეურნეო მიწას და მას განსაკუთრებული მნიშვნელობის სტატუსი მიენიჭა, რასაც უკავშირდება საკუთრების საკითხის გადაწყვეტა. ახალი კონსტიტუციის ამოქმედებით, ძალაში შევიდა მე-19 მუხლის დანაწესი, შესაბამისად, უცხოელთა საკუთრების საკითხი გადაწყდება მხოლოდ ორგანული კანონის მიღების შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე და მის შესაბამისად, ასევე, შეიქმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომლითაც ნათლად იქნება განსაზღვრული მიწაზე საკუთრების უფლება და სასოფლო-სამეურნეო მართვის მდგრადი განვითარების ერთიანი პრინციპები“, – განაცხადა საკითხის ინიციატორმა.

მისი თქმით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რაციონალური გამოყენება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველო მცირემიწიან ქვეყანას წარმოადგენს.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეშ შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ამ საკითხის დარეგულირებისთვის სახელმწიფოს მმართველი ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს.

„ჩვენი ინიციატივაა, რომ შეიქმნას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვის ეროვნული სააგენტო, რომელიც იქნება სამინისტროს ბაზაზე, ვინაიდან სასოფლო-სამეურნეო მიწა სწორ მართვას საჭიროებს და მხოლოდ საჯარო რეესტრში არსებული მონაცემებით და არსებული პროცედურებით, მისი მართვა არის შეუძლებელი. მნიშვნელოვანია, სათანადოდ უფლებამოსილი უწყების მიერ მოხდეს მიწის რაოდენობრივ-ხარისხობრივი აღრიცხვა, მიწის ბალანსის წარმოება დანიშნულებისა და კატეგორიების შესაბამისად, სადაც წლების განმავლობაში დაგროვილია პრობლემები, მათ შორის, კატეგორიებთან დაკავშირებით, რომელიც არსებული მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ფიზიკურად ვერ წყდება“, – აღნიშნა მომხსენებელმა.

წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა შესაძლებლობას იძლევა, მიწის ფონდში მომხდარ ნებისმიერ ცვლილებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს ჰქონდეს ინფორმაცია, მათ შორის, ინტენსიური და არაინტენსიური სავარგულების მატება-კლებასთან დაკავშირებით, ურბანული მშენებლობის გზებისა და სხვადასხვა საჭირო ინფრასტრუქტურის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ბრუნვიდან ამოღებისა და სამაგიერო მიწის ჩანაცვლების თაობაზე.

საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებით, კონსტიტუციური ნორმით დადგინდა საკუთრება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე და იგი შეიძლება იყოს სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში, ხოლო გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება განისაზღვროს ორგანული კანონით, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით უნდა მიიღოს.

„პროექტის მთავარი მიზანი არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების საკითხის გადაწყვეტა საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით“, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.

მისივე თქმით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კანონით დადგენილი შეზღუდვები გრძელდება უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირებზე. მომხსენებლის განმარტებით, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კანონით არსებობს მთავრობის დისკრეციის შემოთავაზება.

საქართველოში რეგისტრირებული იურიდიულ პირი (რომლის დომინანტ პარტნიორს წარმოადგენს უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი), სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების მისაღებად, საინვესტიციო გეგმას წარადგენს.

„საინვესტიციო გეგმა არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის განვითარების ამსახველი დოკუმენტი, რომლითაც დაინტერესებული პირი იღებს ვალდებულებას, განახორციელოს სათანადო ინვესტიციები სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების, მათ შორის, ბიოაგროწარმოების თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღების და ტექნოლოგიების დანერგვის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებასთან დაკავშირებული კვლევებისა და სასელექციო მეურნეობების განვითარებისა და მოწყობის, ინოვაციური საქმიანობის დანერგვის, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის, საერთაშორისო პროექტების მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, ან სხვა პროექტების შესრულების მიზნით, რაც უზრუნველყოფს ეროვნული უსაფრთხოების დაცვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ხელს შეუწყობს სახელმწიფოს ეკონომიკურ განვითარებას“, – განაცხადა დანელიამ.

საინვესტიციო გეგმით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, იურიდიულმა პირმა უნდა უზრუნველყოს 1 წლის ვადაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გასხვისება, წინააღმდეგ შემთხვევაში მიწა სახელმწიფოს საკუთრებაში გადადის.

მომხსენებელმა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა, რის შემდგომაც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით, თანმდევ საკითხებთან ერთად, მხარი დაუჭირა.