სიღნაღის სოფლებში წყლისა და გზების პრობლემის მოგვარებას ითხოვენ

30

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების ნუკრიანის, ვაქირის, მაშნაარის, ანაგის, საქობოსა და ბოდბის მოსახლეობა გზებისა და წყლის პრობლემების მოგვარებას ითხოვს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

ადგილობრივების თქმით, წლებია აღნიშნული პრობლემები აწუხებთ და მის მოგვარებას ადგილობრივ თვითმმართველობას უშედეგოდ სთხოვენ.

სოფელ ანაგის მკვიდრი, ნინო გოგოლაშვილი აცხადებს, რომ გზების და წყლის პრობლემა მოუგვარებელ საკითხად იქცა. მისივე თქმით, პრობლემა განსაკუთრებით ზაფხულში და წვიმიანი ამინდების დროს მწვავდება.  გოგოლაშვილი განმარტავს, რომ სოფლების გზებზე გადაადგილება არათუ ფეხით, არამედ მანქანითაც შეუძლებელია.

გზასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობენ სოფელ ნუკრიანშიც. ადგილობრივი მკვიდრი, მაია ბიძინაშვილი აცხადებს, რომ სიღნაღი-თბილისის ცენტრალური მაგისტრალი, ის მონაკვეთი რომელიც სოფელ ნუკრიანში მდებარეობს, ჩამოშლილი და დაზიანებულია. მისივე თქმით, შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად აღნიშნული გზის დროულად რეაბილიტაცია აუცილებელია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა აცხადებენ, რომ აღნიშნულ გზაზე აპრილის თვეში დაგეგმილია დამცავი საყრდენი კედლის გაკეთება. მათივე განმარტებით, ინფორმაცია გადაცემულია შესაბამისს სამსახურებთან, რომლებიც ადგილზე შეისწავლიან აღნიშნულ საკითხს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ სოფელ ნუკრიანის გზის პრობლემასთან დაკავშირებით ინფორმაცია შესაბამის სამსახურებს უკვე გადასცეს.

ვიცემერის მადონა ბატიაშვილის თქმით, მერიამ აღწერა გზაზე არსებული მდგომარეობა და საგზაო დეპარტამენტს მისი დროულად გაკეთების შესახებ წერილობითი ინფორმაცია მიაწოდა.

მადონა ბატიაშვილის განმარტებით, სოფლებში გზებისა და წყლის პრობლემების მოგვარებაზე მერია ყოველწლიურად მუშაობს.

“სიღნაღი-თბილისის ცენტრალური მაგისტრალი გზების დეპარტამენტს ეკუთვნის. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია აღნიშნული პრობლემის შესახებ. როგრც შემოვიდა ჩვენთან ინფორმაცია, ავღწერეთ სირთულე, რომ სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს და წერილობით ვაცნობეთ შესაბამის სამსახურს. აღნიშნული პრობლემა მალე მოგვარდება. სამწუხაროდ სოფლების შიდა გზების მთლიან მოასფალტებას ვერ ვახერხებთ, თუმცა ეტაპობრივად ვცდილობთ, რომ ყველა გზას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდეს.

რაც შეეხება წყალს, ამ სოფლებაში წყალმომარაგება ხდება საუბნო ონკანებით და ძირითადი პრობლემა მოსახლეობას ერთმანეთში განაწილების კუთხით აქვს. ძირითადად კი წყლის მიწოდების პრობლემა არის ელექტროენერგიის საფასურის არ გადახდასთან დაკავშირებული. მოსახლეობას უჭირს ჭაბურღილზე დახარჯული ელექტროენერგიის გადასახადის გადახდა, რასაც ხშირ შემთხვევაში, “ენერგოპროს’’ მხრიდან დავალიანების დაფიქსირების შემთხვევაში მოსდევს გათიშვა’’,-განაცხადა მადონა ბატიაშვილმა.