ირაკლი კობახიძე: დეცენტრალიზაცია ფართო მასშტაბით განხორციელდება

884

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება ხელისუფლების პრიორიტეტი და ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

კობახიძემ დღეს პარლამენტში მთავრობის მიერ წარდგენილი დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის სხდომა გახსნა.

“ჩვენ ჯერ კიდევ შარშან განვაცხადეთ, რომ გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების ამბიციური გეგმა. ჩვენი ამოცანაა, თანდათან დავუახლოვდეთ დეცენტრალიზაციის ევროპულ სტანდარტს. ეს ყველაფერი ასახულია დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტში, რომელიც რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეიმუშავა. დოკუმენტში ასახული კონკრეტული ინდიკატორები იმის თქმის შესაძლებლობას იძლევა, რომ დეცენტრალიზაცია ფართო მასშტაბით განხორციელდება. მათ შირის დოკუმენტში ჩადებულია მკაციო ფისკალური ინდიკატორი – ეს არის მშპ-ს 7%, რაც იმას ნიშნავს, რომ 2025 წლისათვის რამდენჯერმე გაიზრდება ადგილობრივი თვითმმართველობების შემოსავლები. ეს ნიშნავს უფრო ძლიერ თვითმმართველობას, უკეთეს მომსახურებას ადგილობრივი მოსახლეობისათვის და უფრო ძლიერ ადგილობრივ დემოკრატიას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფი დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) პროექტთან დაკავშირებით წინადადებებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს და მთავრობას სტრატეგიის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვამდე წარუდგენს.