ზუგდიდის ყოფილ მაღალჩინოსნებს პროკურატურა საპროცესო გარიგებას არ გაუფორმებს

142

წინა სტატია

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის ჯგუფურად აღების ბრალდებით დაკავებული ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას, ყოფილი ვიცემერის გია გულორდავასა და მათთან ერთად დაკავებული კიდევ ორი პირის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობდა, თუმცა, როგორც პროკურორმა ბექა ეჟიშვილმა განაცხადა, ბრალდების მხარე, ამ ეტაპისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

როგორც პროკურორმა განმარტა, მათი მხრიდან საპროცესო შეთანხმების მიზანშეუწონლად მიჩნევის ერთ-ერთი გარემოება არის ის, რომ ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ და ისინი გამოძიებასთან არ თანამშრობენ.

“ამ ეტაპისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ბრალდების მხარე მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. თუმცა, ვადასტურებ, რომ დაცვის მხარემ, ყველა ბრალდებულმა მოგვმართა განცხადებით საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. საპროცესო შეთანხმებისთვის აუცილებელია, ბრალდებულებმა სრულად ითანამშრომლონ გამოძიებასთან, აღიარონ ჩადენილი ქმედებები, ეს კანონის იმპერატიული მოთხოვნაა. მათ პოზიციას შემდგომისათვის, ვერ მოგახსენებთ“, – განაცხადა ეჟიშვილმა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარესა და დაცვის მხარეს შორის მცირე სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა.

“დაცვის მხარე ისეთ კითხვებს სვამდა, რასთან დაკავშირებითაც, მოწმეებს გაცემული ჰქონდათ პასუხები. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან პროტესტი დაფიქსირდა, დაცვის მხარეს ეს არ ესიამოვნა. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დავკითხეთ ორი ექსპერტი და ერთი გამომძიებელი. ექსპერტებმა დაადასტურეს ამოღებული ინფორმაციის სინამდვილე. კონკრეტულად, კითხვა აუდიოფაილზე იყო დასმული, როდის იყო შექმნილი. ფაილებით დასტურდება ის ინფორმაცია, რასაც ჩვენ ვამბობდით. ფაილებშია გადარიცხვის ქვითრები, მიმოწერა, აუდიოჩანაწერები. ამ ინფორმაციებით დასტურდება ის, რომ ამ კონკრეტულმა პიროვნებებმა ქრთამი აიღეს”, – განაცხადა ეჟიშვილმა.

ზუგდიდის ყოფილი მერის ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარე ცდილობს, მოწმემ ჩვენება კარნახით და ზეწოლით მისცეს.

შეგახსენებთ, რომ ლაშა გოგიას და გია გულორდავას დაკავების შესახებ სუს-ში 1 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათი ინფორმაციით, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ მოქალაქეს ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხა – 21  500 აშშ დოლარი მოსთხოვეს. შეთანხმების მიხედვით, 11 500 ლარი განკუთვნილი იყო გულუას პარკის, 10 500 ლარი კი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემისთვის.

დეკემბერში ამავე საქმეზე მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია დანაშაულის შეუტყობინებლობის, ხოლო მოქალაქე ხუტა ბაღათურია ცრუ ჩვენებისთვის დააკავეს.

ზუგდიდის ყოფილი მერის ადვოკატის თქმით, ლაშა გოგია ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს და ბევრი რამის თქმას აპირებს.

ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნები, სავარაუდოდ, მაისში გაიმართება.