თბილისის მერის თქმით, ტაქსების რეფორმაზე არასწორ ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებენ

118

წინა სტატია

თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას, ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით, არასწორ ინფორმაციებს მიზანმიმართულად ავრცელებენ. მისი თქმით, აღნიშნული რეფორმის შედეგები პირველ რიგში, ტაქსის მძღოლებისა და მათი ოჯახების ეკონომიკურ მდგომარეობაზე აისახება.

“ტაქსების რეფორმა დავიწყეთ იმისთვის, რომ ეს სფერო მოწესრიგებული იყოს. სამწუხაროდ, გარკვეული პოლიტიკური პარტიების მხრიდან საზოგადოებისთვის მიზანმიმართულად, არასწორი ინფორმაციის მიწოდება ხდება. პირველ რიგში, ეს რეფორმა მნიშვნელოვანია ტაქსის მძღოლებისთვის და ზოგადად, ქალაქისთვის, თუმცა მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ არავინ არავის ავალდებულებს და არაფერს აძალებს. არის ორი მიმართულება, რომლითაც შეუძლიათ მათ რომ ისარგებლონ: A კატეგორიის ლიცენზია და B კატეგორიის.

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება გადაღებვის ხარჯებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება ადამიანებისთვის სერიოზული პრობლემა ყოფილიყო. მესმის, არსებული სოციალური მდგომარეობა. ძირითადად, ეს ადამიანები იმიტომ არიან ამ საქმიანობით დაკავებულები, რომ უჭირთ. მათ შორის, ბევრია ისეთი, რომელიც დღის განმავლობაში სამსახურში მუშაობს და შემდეგ მგზავრების გადაყვანას ახორციელებს. ჩვენ ესეც გავითვალისწინეთ და ამ ადამიანებს რომ კიდევ ზედმეტი ხარჯი არ ჰქონოდათ, ვაუჩერების გადაცემა გადავწყვიტეთ. კომპანია, რომელმაც ჩვენს მიერ გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა, თავის ვალდებულებას შეასრულებს და ტაქსის მძღოლებს გადაღებვაში არც ერთი თეთრი არ დაეხარჯებათ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტაქსის მძღოლები უფასო პარკინგით და ასევე, რეკლამის შემოსავლით ისარგებლებენ. ეს პირველ რიგში, მათი და მათი ოჯახების ეკონომიკურ მდგომარეობაზე იქნება ასახული“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, როგორც თბილისის ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, რეფორმის გატარების აუცილებლობა სწორედ იმიტომ გაჩნდა, რომ ბაზარი დარეგულირდეს და ჯანსაღი კონკურენცია გაჩნდეს.

“რაც კი რეფორმა წამოვიწყეთ, პარკირების, ტაქსების თუ სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგების მიმართულებით, ოპოზიციური პარტიების მოწოდება არის, რომ გავჩერდეთ და არაფერი გავაკეთოთ. ჩვენ “არაფრის“ საკეთებლად არ მოვსულვართ და საჭიროა ისეთი რეფორმების განხორციელება, რომელიც განავითარებს ჩვენს ქალაქს და ამ შემთხვევაში სატრანსპორტო სისტემას. დღეს, გვაქვს სრულად დერეგულირებული ტაქსის ბაზარი და არაჯანსაღი კონკურენცია, რაც ქმნის ე.წ. დემპინგურ ფასებს, მომსახურების ხარისხის გაუარესების ხარჯზე ხდება ფასების მინიმიზაცია. ამით, პირველ რიგში, ტაქსის მძღოლები ზარალდებიან. დღეს, ტაქსის ბაზარი არ ეკუთვნით მხოლოდ ტაქსის მძღოლებს, ის ეკუთვნით მათ და აგრეთვე ადამიანებს, რომლებიც დამატებით შემოსავალს ეძებენ. ისინი არ არიან ტაქსის მძღოლები და ეს მათთვის პარალელური საქმიანობაა. ჩვენ ორივე კატეგორიის მომსახურების გამწევებს ვთავაზობთ იმავე ფორმატით სერვისის გაგრძელებას, უბრალოდ ყველაფერს თავის სახელს ვარქმევთ. არსებობს A კატეგორიის, ე.წ. ქუჩის ტაქსი, რომელიც ქუჩიდან ახდენს მგზავრის აყვანას და არის ბრენდირებული და არსებობს B კატეგორია, რომელსაც ვიზუალის, ფერის სტანდარტი არ აქვს, არც მანათობლის გამოყენება სჭირდება და ეკრძალება კიდევაც, შეუძლია აპლიკაციის მეშვეობით, ე.წ. „რაითშეარინგის“ პრინციპში ჩაერთოს და გააგრძელოს შემოსავლის მიღების მიზნით, მგზავრის გადაყვანა“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

რაც შეეხება რეგულაციების გადახედვის საკითხს, ვიცემერის თქმით, რეფორმის გადავადება არ იგეგმება და მისი მეორე ეტაპი მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან დაიწყება.

“დღეს, თუ ტაქსის ბაზარზე მოძრაობს 27 000 ლიცენზირებული ტაქსი, ეს გაიყოფა სულ ცოტა ორზე და ქუჩის ტაქსის ბაზარს მხოლოდ ბრენდირებული ტაქსები დაიკავებენ. თუ ახლა ვინმე ფიქრობს, რომ მანქანას არ გადაღებავს იმიტომ, რომ რეფორმამ გადაიწიოს, ჩვენ ამ რეფორმის გადავადება სწორად არ მიგვაჩნია. ერთი წლის წინ ვთქვით ამის შესახებ და ტაქსის მძღოლებს მოსამზადებელი დროც მივეცით“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.