სამგორის რაიონში რამდენიმე მისამართზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს

731

სამგორის რაიონში რამდენიმე მისამართზე სანიაღვრე ქსელს აწყობენ. როგორც გამგეობაში აცხადებენ, ამ ეტაპზე, სამუშაოები ვარკეთილი 3-ის მეორე მიკრორაიონში მიმდინარეობს.

“ლანდიას ქუჩაზე სანიაღვრე სისტემა არ არსებობდა, მიმდინარე პროექტის ფარგლებში კი, 580 გრძივ მეტრზე ქსელი მოეწყობა. სამუშაოებს გამგეობის კონტრაქტორი კომპანია შპს “დარი“ აწარმოებს. პროექტის განსახორციელებლად, სამგორის გამგეობის ბიუჯეტიდან 135 500 ლარი გამოიყო.

მასშტაბური პროექტი ხორციელდება წმ. ბარბარეს უბანშიც, სადაც სანიაღვრე ქსელის მოწყობის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. სანიაღვრე ქსელი ეწყობა N83 საშუალო სკოლიდან წმ. ბარბარეს უბნის N188 კორპუსამდე. პროექტი, აგრეთვე, მოიცავს ნაკადულის ქუჩის პირველ და მეორე გასასვლელებს, ასევე, ნაკადულის ქუჩის მესამე გასასვლელის ნაწილს. 650 გრძივი მეტრის სანიაღვრე ქსელის მოსაწყობად, სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 127 000 ლარი გამოიყო.

ასევე, წმინდა ბარბარეს უბანში სანიაღვრე სისტემის მოწყობის პირველ ეტაპზე, გასულ წელს ქსელი წმ. ბარბარეს უბნის N128 კორპუსიდან გარდაბნის გზატკეცილამდე მოეწყო. პროექტი საბოლოოდ მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება”, – განმარტავენ გამგეობაში.