ფონიჭალა 3-ში N11 კორპუსის მიმდებარედ სანიაღვრე ქსელი მოეწყო (ფოტო)

1337

ფონიჭალა 3-ში N11 კორპუსის მიმდებარედ ახალი სანიაღვრე ქსელის მოწყობა დასრულდა.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, აღნიშნულ მისამართზე სანიაღვრე სისტემა აქამდე არ არსებობდა. წვიმის დროს კი, როგორც N11, ასევე, N9 კორპუსები და ეზოები იტბორებოდა. ამასთან, მათივე თქმით წყლის ნაკადი შემოედინებოდა ახლო მდებარე ეზოებიდანაც.

“კრწანისის რაიონის გამგეობამ მოსახლოებისთვის აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, სანიაღვრე ქსელის მოწყობის გადაწყვეტილება მიიღო. ქსელის სიგრძე 207 გრძივი მეტრია და კორპუსი N11-დან კორპუსი N9-ის გავლით ჟორდანიას ქუჩაზე მდებარე სანიაღვრე კოლექტორს უერთდება”, -განმარტეს გამგეობაში.

კრწანისის რაიონის გამგებელის ლევან ჯაფარიძის თქმით, ფონიჭალა 3-ის მოსახლეობას ეს პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდა და შესრულებული სამუშაოების შემდეგ, მოსახლეობას აღნიშნული პრობლემა აღარ შეაწუხებს,

“კორპუსი N11-ისა და N9-ის მცხოვრებლებს ახლა უკვე თავისუფლად შეეძლებათ ფეხითა და ავტომობილით გადაადგილება და თავის საცხოვრებელ კორპუსებთან მისვლა. სანიაღვრე სისტემის მოწესრიგების მიზნით, სამუშაოებს რამდენიმე მისამართზე ერთდროულად ვახორციელებთ და ვცდილობთ, ფონიჭალის მოსახლეობას წყალთან დაკავშირებული პრობლემა გადავუჭრათ“, – განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.

ფონიჭალა 3, კორპუსი N11 -ის მიმდებარედ არსებული ტერიტორია სანიაღვრე ქსელის მოწყობამდე

შეგახსენებთ, რომ ახალი სანიაღვრე კოლექტორის მოწყობა კრწანისის რაიონში ღოღობერიძის ქუჩაზეც მიმდინარეობს.