ქედაში რამდენჯერმე რეაბილიტირებული პარკის კიდევ ერთხელ განახლებისთვის ნახევარ მილიონზე მეტს დახარჯავენ (ვიდეო)

578

ქედაში რამდენჯერმე რეაბილიტირებული პარკის კიდევ ერთხელ განახლებისთვის მერია ნახევარ მილიონზე მეტის დახარჯავას გეგმავს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

დაბა ქედაში, ფრიდონ ხალვაშის სახელობის პარკს რეაბილიტაცია 2015 წელს ჩაუტარდა. იმ დროისთვის, ადგილობრივმა ხელისუფლებამ, პროექტზე 82 000 ლარი დახარჯა. მოეწყო მიწის ქვეშა კომუნიკაციები, დაიგო ფილაქანი და დამონტაჟდა სკამები. რეაბილიტაციიდან ორი წლის შემდეგ, ამავე პარკში, მერიამ ღია სცენის მოწყობა დაგეგმა და ამისთვის 184 645 ლარი დახარჯა. მიმდინარე წლის ბიუჯეტში ხელისუფლებამ ამ პარკის სარეაბილიტაციოდ თანხები ისევ გამოყო, ამჯერად  100 000 ლარი, თუმცა ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ, სამი წლის წინ რეაბილიტირებული პარკის ნაწილობრივი რეაბილიტაციის ნაცვლად, სრული რეაბილიტაცია გადაწყვიტა და შესაბამისად, პროექტიც შეიმუშავა, რისთვისაც 634 369 ლარია საჭირო.

პარკში ხელუხლებლად მხოლოდ მრავალწლოვანი ნარგავები დარჩება, რაც შეეხება რამდენიმე წლის წინ დამონტაჟებულ საბავშვო ატრაქციონებს, შესაძლოა, ადგილმდებარეობა შეიცვალოს.

ოპოზიცია თანხების ხარჯვას არამიზნობრივად მიიჩნევს.

პარკის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივ თვითმართველობას ამ დროისთვის ბიუჯეტში 100 000 ლარი აქვს, რაც შეეხება დანარჩენ თანხას, მერის მოადგილის განმარტებით, რესურსების მოძიებაზე მუშაობენ.