მალთაყვაში შეუსრულებელი სამუშაოების გამო კომპანია პასუხისმგებლობას ფოთის მერიას აკისრებს

919

წინა სტატია

კომპანია “ანტ სტროი ლტდ 2016-ი“, რომელსაც ფოთის მერიამ ხელშეკურლება მალთაყვაში შეუსრულებელი სამშენებლო სამუშაოების გამო შეუწყვიტა, პასუხისმგებლობას თავად მერიას აკისრებს, მას გულგრილობაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

კომპანიის იურისტმა გიორგი მონიავას თქმით, მალთაყვის სანაპიროს რეკონსტრუქციის პროექტი 3 ნაწილად იყო დაყოფილი, პირველი  სხვა კომპანიამ შეასრულა, მათ კი მეორე ნაწილის დასრულების შესაძლებლობა მერიამ მიზანმიმართულად არ მისცა. მისივე თქმით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობისას სამშენებლო პროექტსა და მის სახარჯთაღრიცხვო ნაწილში შეუსაბამობები და ხარვეზები გამოვლინდა. მათ შორის ის, რომ სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის თანახმად, პროექტის ღირებულება, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარით აღემატებოდა რეალურს; ასევე, ის, რომ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ნაწილი არ იყო ასახული ხარჯთაღრიცხვაში.

“მერიას არ სურდა პროექტის დაკორექტირება და კომპანიის მიერ ხარჯთაღრუიცხვაში აღმოჩენილი ნახევარ მილიონამდე ზედმეტობით გათვალისწინებული თანხის ამოღება, ვინაიდან აღნიშნული თანხის არსებობა შემდგომში კორუფციულ გარიგებებში შესვლის კარგ შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნულს ადასტურებს ისიც, რომ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ ისე მოითხოვა დაფინანსება აღნიშნული პროექტის გასაგრძელებლად, რომ პროექტის კორექტირება და ზემოთ ხსენებული თანხის ხარჯთაღრიცხვიდან ამოღება კვლავ არ მოუხდენია.

ფოთის მერიის მიერ გამოჩენილი გულგრილობის შესახებ კომპანიამ არაერთხელ მოახდინა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმირება, თუმცა უშედეგოდ.ყოველივე ზემოთ ხსენებული ცხადყოფს, რომ ფოთის მერიის ხელმძღვანელი პირები განზრახ და მიზანმიმართულად უშლიდნენ ხელს კონტრაქტორს, რომ მას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვერ შეესრულებინა აღებული ვალდებულებები“, – აცხადებენ კომპანიაში, რომლის საქმიანობას ახლა ფინანსური პოლიცია იძიებს.

კომპანიაში ამბობენ, რომ გამოძიება მათ ინტერესებშიც არის. გიორგი მონიავას განმარტებით, ამ მოთხოვნით მათ ჯერ კიდევ იანვარში მიმართეს სასამართლოს და ანტიკორუფციულ სააგენტოს.

“სახეზე გვაქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული – სამსახურებრივი გულგრილობა, ხოლო გამოძიების დაწყებისა და კომპანიის მიერ მოწოდებული მტკიცებულებების სიღრმისეული გაანალიზების შემთხვევაში, დარწმუნებულები ვართ, გამოიკვეთება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვა მძიმე დანაშაულებიც“, – ამბობს იურისტი.

“ანტ სტროი ლტდ-ი“ 2017 წლის 30 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებდა ქალაქ ფოთში, მალთაყვის უბანში სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) სარეკონსტრუქციო სამუშაოების მეორე ნაწილს, რომელიც არ დაუსრულებია.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა და შესასწავლად სწორედ მალთაყვის სანაპიროს რეკონსტრუქციის პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გაიტანა.

მერიაში ფინანსური პოლიციის შესვლამდე კი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ფოთში გამოვლენილი დარღვევებზე დასკვნა გამოაქვეყნა.