როგორ აშარჟებდნენ თვითმმართველობის საქმიანობას საუკუნის წინანდელ პრესაში (კარიკატურები, შარჟები)

2925

ქართველი ჟურნალისტები დღეს პროფესიული დღესასწაულის 200 წლის იუბილეს აღნიშნავენ.

21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღედ 1993 წელს საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივად დააწესეს. ამ თარიღს სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან პირველი ქართული გაზეთი – “საქართველოს გაზეთი” სწორედ ამ დღეს დაარსდა. გაზეთის პირველი ნომერი 1819 წლის 8 მარტს, ახალი სტილით, 21 მარტს გამოიცა.

200 წლის განმავლობაში ქართულ პრესას ქვეყნის განვითარების პროცესში ერთ-ერთი უმთავრესი როლი ენიჭებოდა, განსაკუთრებით, მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში. ეს ის დროა, როცა, სხვა მრავალ საკითხთან ერთად, საქართველოში საერობო თვითმმართველობას საფუძველი ეყრებოდა და ეს პროცესი პრესის ფურცლებზე აქტიური განხილვისა და მსჯელობის ფონზე მიმდინარეობდა.

“თვითმმართველობის რეფორმის და ერობათა მოქმედების ყველა ეტაპზე ცენტრალური პრესა ღია ფორუმს წარმოადგენდა საერობო საკითხებზე დისკუსიისათვის. აღსანიშნავია, რომ თვითმმართველობის საკითხებში პლურალიზმი ცალკეული გამოცემების რედაქციის შიდა დონეზეც კი თვალში საცემია. ცენტრალური პრესა 1919 წლიდან უკვე მუდმივ რუბრიკებს უთმობს ერობათა მოქმედებების გასაშუქებლად. პარალელურად, 1917 წლიდან, უწყვეტად იბეჭდება და ვრცელდება სპეციალური – დარგობრივი პერიოდული გამოცემები თვითმმართველობის საკითხებზე, რომლებიც კომპლექსურად აშუქებენ საქალაქო თვითმმართველობების ცხოვრებასა და ერობების მოქმედებას და მათ ფურცლებზე ხდება ძირითადი მწვავე დისკუსიები”, – ვკითხულობთ გამოცემაში – “ერობა – თვითმმართველობის რეფორმა საქართველოში”.

სწორედ პრესის მეშვეობით ხდებოდა ისეთი მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინიციატივების განხილვა, პოპულარიზაცია და ამ ინიციატივების განხორციელებაში მხარდაჭერაც კი, როგორიც იყო, მაგალითად, 1880 წელს ილია წინამძღვრიშვილის მიერ სამეურნეო სკოლის დაარსება წინამძღვრიანთკარში, გურიაში – ბიბლიოთეკების ქსელის ამოქმედება, სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებების ჩამოყალიბება და სხვა არაერთი ინიციატივა, რომელიც რეალურად ცვლიდა მოქალაქეთა ცხოვრებას ქვეყნის ქალაქებსა და სოფლებში.

ცხადია, ამის პარალელურად, პრესა ადგილობრივი თვითმმართველობის კრიტიკასაც არ ერიდებოდა და ეს კრიტიკა სწორედ თვითმმართველობის მოხელეთა საქმიანობას ეხებოდა. ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი ამ მხრივ “ცნობის ფურცელს” უკავია. გამოცემა თბილისში 1896 წლიდან 1906 წლმდე გამოდიოდა. 1901 წლიდან “ცნობის ფურცელს” ამავე სახელწოდების ყოველკვირეული სურათებიანი დამატება ჰქონდა, რომელშიც თვითმმართველობის საქმიანობაზე არაერთი კარიკატურა და შარჟი გამოქვეყნდა. კარიკატურების უმეტესობა ეკუთვნის ოსკარ შმერლინგს, რომელიც ჯერ თბილისის სამხატვრო სასწავლებლის, შემდეგ კი ფერწერისა და ქანდაკების სკოლის დირექტორი იყო. სწორედ შმერლინგია ქართული კარიკატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ვნახოთ, რა შინაარსის კარიკატურები ქვეყნდებოდა 1902-03 წლებში “ცნობის ფურცელში” და რა აწუხებდათ ყველაზე მეტად მოქალაქეებს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში.

ასეთი შეფასება ჰქონდა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობას 1902-1903 წლებში

ინფრასტრუქტურის, დასუფთავებისა თუ გარეგანათების პრობლემები მაშინაც მწვავედ იდგა

მუნიციპალური ტრანსპორტი – პრობლემა ყველა დროში

დაბინძურებული წყალი ონკანებში – გეცნობათ პრობლემა?

ფოტოები აღებულია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიდან.