ქოშიგორის დასახლებაში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

830

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა საბურთალოს რაიონში, ქოშიგორის დასახლებაში, გზის რეაბილიტაცია დაასრულა.

როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია 1150 მეტრი სიგრძის მონაკვეთს ჩაუტარდ და მოეწყო 5 მეტრის სიგანის საავტომობილო გზა გვერდულებით, ასევე, დაიგო 5750 კვადრატული მეტრი ასფალტის ახალი, ორფენიანი საფარი.

გზის რეაბილიტაცია კომპანია “ენ სი სიმ“ აწარმოა. სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 321 577 ლარი დაიხარჯა.

“ამ ტერიტორიაზე ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. წვიმიან ამინდსა და ზამთარში საერთოდ შეუძლებელი იყო გადაადგილება. ეს ადგილი ძალიან სწრაფად ვითარდება. 200-მდე ადამიანი მუდმივად ცხოვრობს და მოსახლეობის რაოდენობა მზარდია. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო ამ გზის მოწესრიგება და ჩვენ ეს პროექტი განვახორციელეთ. რაც მთავარია, ჩვენ არ ვართ ორიენტირებული მხოლოდ ცენტრალურ უბნებსა და ქუჩებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თბილისის ყველა რაიონი და უბანი თანაბრად ვითარდებოდეს“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქოშიგორის ქვედა მონაკვეთსაც ჩაუტარდება.