შეიქმნება თუ არა საქართველოში თვითმმართველობის აკადემია?

1286

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს, ზაზა გაბუნიას თვითმმართველობის აკადემიის შექმნის იდეა აქვს. ამის შესახებ მან გუშინ კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, სწორედ აკადემიამ უნდა უზრუნველყოს როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირების – მერების, მათი მოადგილეების, საკრებულოს თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების, ისე თვითმმართველობის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება.

“აკადემიის მიზანი უნდა იყოს სახელმწიფო მართვის თანამედროვე მენეჯერების და ადგილობრივი მმართველობის მოხელეთა მომზადება ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკაზე ორიენტირებული სისტემის დანერგვით. “თვითმმართველობის აკადემიამ” უნდა უზრუნველყოს ეფექტური ადგილობრივი ლიდერების განვითარება, თანამდებობის პირთა, საჯარო მოხელეთა და ახალგაზრდების განათლების დონის ამაღლება, თანამშრომლობის და პარტნიორობის განვითარება”, – განაცხადა გაბუნიამ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, აკადემიაში მოხდება პროფესიონალთა ხელშეწყობა შემდეგი მიმართულებებით: სერვისების მიწოდება და მომსახურების გაუმჯობესება, ადგილობრივ დონეზე ეკონომიკის განვითარება და კანონის უზენაესობის, რაც, მისივე თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში.

ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა გადამზადების საკითხი გამოწვევად, მრავალი წელია, დგას. სხვადასხვა ხელისუფლება მუდმივად სწორედ მუნიციპალიტეტებში დასაქმებული კადრების დაბალ კვალიფიკაციას იმიზეზებდა, თუ რატომ არ შეიძლებოდა თვითმმართველობის რეფორმის სრულფასოვნად განხორციელება. რეალურად კი, ამ წლების განმავლობაში არცერთ ხელისუფლებას ამ პრობლემის მოგვარების გააზრებული და გრძელვადიანი სტრატეგია არასდროს წარმოუდგენია.

მაგალითად, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ქვეშ სპეციალურად სსიპ-იც კი შეიქმნა იმისათვის, რომ, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის განხორციელების პარალელურად, საჯარო მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლებაზეც ეზრუნათ. “ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი”, დონორთა ფინანსური მხარდაჭერით, წლების განმავლობაში ახორციელებდა ამგვარ პროექტებს, თუმცა, როგორც ბოლოს გაირკვა, შედეგები დიდად დამაკმაყოფილებელი ვერ აღმოჩნდა.

2019 წლის დასაწყისში, ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის გადაწყვეტილებით, აღნიშნული სსიპ-ი საერთოდ გაუქმდა. მიზეზად კი მისი არაეფექტურობა დასახელდა. ახლა ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა გადამზადებაზე უკვე სამინისტროს შესაბამისი სამსახური ზრუნავს. სამსახური 2019 წლის დასაწყისში შეიქმნა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სწორედ იმ ცენტრის თანამშრომლებით დაკომპლექტდა, რომლის საქმიანობაც არაეფექტურად შეაფასეს.

ეს მაშინ, როცა 2013-2015 წლებში ამ უწყებამ პოლიტიკის არაერთი დოკუმენტი და სასწავლო პროგრამა შექმნა, რომლითაც მოხელეთა გადამზადება უნდა მომხდარიყო. მათ შორის, იგეგმებოდა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის გაძლიერება. სწორედ ეს სკოლა უნდა გამხდარიყო თვითმმართველობის მოხელეთა გადამზადების ერთ-ერთ მძლავრ ცენტრად და ამისთვის, 2014 წლიდან, სკოლა განახლებულ სასწავლო პროგრამებზეც გადავიდა, მაგრამ, საბოლოოდ, ვერც ეს სკოლა იქცა თვითმმართველობის მოხელეთა გადამზადება-განვითარების პლაცდარმად.

როგორც ამბობენ, ეს მნიშვნელოვანი თემა ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საჯარო სამსახურის ბიუროს შორის წარმოშობილ კონფლიქტს შეეწირა. კონფლიქტი კი სწორედ ამას უკავშირდებოდა – ვის უნდა ეზრუნა მუნიციპალიტეტებში დასაქმებული საჯარო მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

სწორედ ამ პერიოდში ქვეყანაში საჯარო სამსახურის რეფორმა მიმდინარეობდა. შესაბამისად, ბიურო თვლიდა, რომ მოხელეთა გადამზადების საკითხიც სრულად მისი კურაციის ქვეშ უნდა მოქცეულიყო. საბოლოოდ, ამ ორ უწყებას შორის წარმოქმნილმა უთანხმოებამ პრობლემის მოგვარება კიდევ რამდენიმე წლით გადაავადა.

კიდევ ერთი რესურსი, რომელიც, კანონმდებლობით, მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებას უნდა მოხმარდეს, მუნიციპალური ბიუჯეტებია. “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, თითოეულმა მუნიციპალიტეტმა მოხელეთა პროფესიული განვითარებისათვის შრომის ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების საერთო მოცულობის არანაკლებ 1 პროცენტი უნდა დახარჯოს. ამ ჩანაწერის მიუხედავად, ადგილობრივი თვითმმართველობები აღნიშნულ თანხას, პრაქტიკულად, ვერ ითვისებენ, ვინაიდან როგორ უნდა მოხდეს თანხის გახარჯვა, ამ დრომდე არაა დადგენილი.

“თვითმმართველობის აკადემიის” შექმნის ინიციატივით რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სწორედ ამ ფონზე გამოდის. ჯერჯერობით, არც მას და, მით უფრო, არც სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს, რომელსაც გაბუნიამ იდეა გაუზიარა, კონკრეტული წარმოდგენა, თუ რა და როგორ უნდა აკეთოს აკადემიამ, არ აქვთ. ამიტომაც არავინ იცის, განხორციელდება თუ არა ეს იდეა საერთოდ.

მანამდე კი, სანამ ხელისუფლება ამ სფეროში მორიგი ინიციატივისთვის ფრთების შესხმას დაიწყებდეს, ალბათ, უმჯობესია, იმ მექანიზმების ეფექტურად გამოყენებაზე იზრუნოს, რაც უკვე არსებობს, მაგრამ, სხვადასხვა მიზეზთა გამო, შესაბამის შედეგს ვერ იძლევა.