ქუთაისის მერიამ რუსთაველის ხიდზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები შეაჩერა

787

წინა სტატია

ქუთაისში “თეთრი ხიდის” გახმაურებული პროექტის შემდეგ მერიამ რუსთაველის ხიდის რეაბილიტაცია დაანონსა. სამუშაოებისთვის ტენდერიც გამოცხადდა და გამარჯვებულიც გამოვლინდა, თუმცა, როგორც გამოცემა “ნიუპრესი” წერს, რუსთაველის ხიდის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი შეწყდა. სატენდერო მონაცემებით ირკვევა, რომ მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება აღარ გააფორმა.

სარეაბილიტაციო სამუშოები კომპანია “ლა მოდერნას” უნდა  განეხორციელებინა. კომპანიის წარმოადგენელი 2018 წლის დეკემბერში აცხადებდა, რომ რეაბილიტაციისთვის მზადება მიმდინარეობდა, რაც სამუშაოების რამდენიმე ეტაპს გულისხმობდა. დღეს კი განმარტავს, რომ მერიამ ტენდერი ხელშეკრულების გაფორმებამდე შეწყვიტა და ზუსტი მიზეზი არ ახსოვს.

კომპანიის წარმომადგენელი დავით ხურციძე ვერ იხსენებს, რატომ გააუქმა დამკვეთმა ტენდერი, თუმცა ერთ-ერთ მიზეზად მოსახლეობის ჩართულობა დაასახელა.

“ხშირია ასეთი შემთხვევა, როდესაც ხდება ტენდერი შეწყვეტა. ამ ჯერზეც მერიამ შეზყვიტა ტენდერი, ზუსტი მიზეზი არ მახსოვს, წერია ტენდერის დოკუმენტაციაში, მგონი მოქალაქების ჩართულობა სურდათ მეტად, არ ვიცი რა არის აქ გასაკვირი?”-აცხადებს დავით ხურციძე.

მერიაში განმარტავენ, რომ ხიდზე სამუშაოები გადავადდა, თუმცა ორნამენტების განთავსება აუცილებლად განხორციელდება.

“ნამდვილად გაკეთდება ეს პროექტი, რადგან კარგი პროექტია, მაგრამ, ვინაიდან დიდი გამოხმაურება მოყვა მოსახლეობის მხრიდან, ამიტომ მერიამ გადაწყვიტა მეტი ყოფილიყო მოსახლეობის  ჩართულობა. მოქალაქეებმა თავად გამოხატონ, მოსწონთ თუ არა ეს პროექტი და რას ისურვებენ, ამიტომ დროებით შერდა. მას შემდეგ, რაც გადაწყდება, ტენდერი გამოცხადდება”- განაცხადეს მერიაში.

რუსთაველის ხიდზე რეაბილიტაციის შეჩერება, სავარაუდოდ, თეთრი ხიდის “წარუმატებელ” პროექტს უკავშირდება. მას შემდეგ, რაც ხიდი რეაბილიტაციას საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოყვა, მერიამ პროექტებში მოქალაქეთა ჩართულობა გაზარდა, ამის მაგალითია ცენტრალური ბულვარიც. ბულვარის რეაბილიტაციის პროექტში მერიამ მოქალაქეთა აქტიური ჩართულობა მოითხოვა.