თბილისის საკრებულომ და “ავერსი-ფარმამ” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

757

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის  თავმჯდომარის  გიორგი ბირბიჩაძის ინიციატივით, საკრებულოსა და “ავერსი-ფარმას” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის  თავმჯდომარემ გიორგი ბირბიჩაძემ და  ფარმაცევტული კომპანია შპს“ავერსი-ფარმას” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ მოაწერეს.

როგორც საკრებულოში განმარტავენ, მემორანდუმის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებულ  იმ მოქალაქეებს, რომლებიც რაიონულ გამგეობებს მედიკამენტების შეძენისთვის დახმარების თხოვნით მიმართავენ, “ავერსი ფარმა“ წამლებს შეღავათიან,  ფასდაკლების დღეებში არსებული ფასებით მისცემს.

“დღეს ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლითაც “ავერსმა“ იკისრა ვალდებულება, დედაქალაქის მცხოვრებლებს, პროგრამის ფარგლებში,  ფასდაკლების დღეების გარდა, სხვა დღეებშიც ფასდაკლების პირობებით მოემსახუროს”, – განაცხადა კომპანია “ავერსი ფარმას“ გენერალურმა დირექტორმა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით დღეს გაფორმებული მემორანდუმის შედეგად, დედაქალაქის მცხოვრებლები მედიკამენტების შეძენისას მნიშვნელოვან შეღავათებს მიიღებენ.

გიორგი ბირბიჩაძის თქმით კი, აღნიშნული მემორანდუმი, თავისი შედეგებით უკვე იდეის დონეზეც  მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, მერიას და რაიონულ გამგეობებს, ფასდაკლებული ფასებით, შეეძლებათ, კიდევ უფრო მეტ ბენეფიციარს გაუწიონ დახმარება.

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისია  მოქალაქეებისთვის აღნიშნული შეღავათების დაწესების თხოვნით მოლაპარაკებებს სხვადასხვა ფარმაცევტულ კომპანიასთან აწარმოებს.