ბათუმის ბულვარში მოტოციკლებისა და კვადროციკლების გაქირავების აკრძალვას აპროტესტებენ

1902

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ბათუმის ბულვარში მოტოციკლებისა და კვადროციკლების გაქირავების აკრძალვას აპროტესტებენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ისინი ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციისგან ნებართვას ითხოვენ, რომ ზაფხულში მოტოციკლებისა და კვადროციკლების გაქირავება ბულვარის ტერიტორიაზე შეძლონ.

მათივე თქმით, აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება ტელევიზიით გაიგეს და ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას მათთვის არ უცნობებია.

“ჩვენ გამოვიტანეთ სესხები და ამით შევიძინეთ მოტოციკლები და კვადროციკლები. ვითხოვთ, რომ წელს მაინც მოგვეცეს საშუალება, რომ სესხები დავფაროთ. ჩვენ არც კი ვიცოდით, ისე მიიღო ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება. ჩვენ ვთავაზობთ ბულვარის ადმინისტრაციას რამდენიმე პირობას, რომლის მიხედვითაც შემცირდება კვადროციკლებისა და მოტოციკლების გადაადგილება ბულვარში“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ რევაზ სურმანიძემ.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე კი აცხადებს, რომ მოტოციკლებითა და კვადროციკლებით ბათუმის ბულვარში გადაადგილება მოქალაქეებისთვის საფრთხის შემცველია და საკითხი არ გადაიხედება.

“გვაქვს ვალდებულება, რომ რეკრიაციული ზონა გავდეს რეკრიაციულ ზონას. ბათუმის ბულვარში შემოსული ადამიანი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებით არ უნდა გადიოდეს და სწორედ ამის გამო მოხდა იმ გადაწყვეტილების მიღება, რაც კვლევის საფუძველზე მივიღეთ. ჩვენ გვაქვს ორი ბილიკი ველო და მოქალაქეთა გადაადგილების. ბათუმის ბულვარს აღნიშნული ტრანსპორტის გადაასაადგილებლად არ გააჩნია სპეციალური ბილიკი. მოქალაქეებისგან განცხადებები გვაქვს, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ სამ წლამდე ბავშვები არიან დაშავებული”,- განაცხადა ირაკლი ჯინჭარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 1-ლი მაისიდან ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით ბათუმის ბულვარში მოტოციკლით, კვადროციკლითა და ელექტრომობილით გადაადგილება აიკრძალება. საკრებულოს წევრების განცხადებით, გადაწყვეტილება მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებას შეუწყობს ხელს.