მუნიციპალიტეტებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს აღარ, მაგრამ ავეჯის, ტექნიკის, კონდიციონერების შესასყიდ დოკუმენტაციას კვლავ ინფრასტრუქტურის სამინისტრო შეუმოწმებს

1097

წინა სტატია

დადგენილება, რის გამოც 2018 წელს რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტები ჩავარდა, ახლით ჩაანაცვლეს. ამჯერად მუნიციპალიტეტებს ინფრასტრუქტურული პროექტების აღარ, მაგრამ ავეჯის, ტექნიკის, კონდიციონერებისა და სხვა მომსახურების შესასყიდად მომზადებული სატენდერო დოკუმენტაციის ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმება მაინც მოუწევთ.

droa.ge უკვე წერდა, რომ საქართველოს მთავრობამ, 2017 წლის დეკემბერში მიიღებული 604-ე დადგენილებით, მუნიციპალიტეტები დაავალდებულა, უკლებლივ ყველა სატენდერო დოკუმენტაცია ინფრასტრუქტურის სამინისტროში შესათანხმებლად გაეგზავნათ. სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომლები კი ვალდებული იყვნენ, ეს დოკუმენტაცია შეემოწმებინათ, ხარვეზები შეესწორებინათ და მუნიციპალიტეტებისთვის უკან დაებრუნებინათ. მხოლოდ ამის შემდეგ ეძლეოდათ ადგილობრივ თვითმმართველობებს ტენდერის გამოცხადების უფლება.

სწორედ ეს იყო ძირითადი მიზეზი, რის გამოც შარშან რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად გამოყოფილი თანხების ათვისება მუნიციპალიტეტებმა ვერ შეძლეს.

ჯამურად, რეგფონდიდან, 2018 წელს 250 მილიონის 792 პროექტი დაფინანსდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ  ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის 14-მა თანამშრომელმა 792 ტენდერის დოკუმენტაცია შეამოწმა, შეასწორა და 57 მუნიციპალიტეტს უკან დაუბრუნა. ალბათ, ადვილი წარმოსადგენია, ამგვარი სამუშაოს შესრულება სამინისტროს 14 თანამშრომლის რამდენ დროს წაიღებდა და როგორ დააგვიანებდა მუნიციპალიტეტებში პროექტების განსახორციელებლად ტენდერების გამოცხადება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, შარშან რვა თვის განმავლობაში 250-მილიონიანი რეგფონდიდან მხოლოდ 68 586 მლნ. ლარი იყო ათვისებული, ეს მაშინ, როცა მუნიციპალიტეტებს, მაგალითად, 2015 წელს ამავე პერიოდში 188 417 მლნ, ხოლო 2016 წელს – 156 839 მლნ ლარი ჰქონდათ ათვისებული.

ვითარება ვერც წლის ბოლოსთვის გამოსწორდა – დეკემბრის შუა რიცხვებში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მხოლოდ 146 მილიონი იყო ათვისებული. ასეთი დაბალი მაჩვენებელი კი ბოლო წლების განმავლობაში, ფაქტობრივად, არ ყოფილა. ბოლო სამი წლის საკასო შესრულების მონაცემები ასეთია: 2015 წელი – 91,5%, 2016 წელი – 91,5%, 2017 წელი – 85,3%. 2018 წლის დეკემბრის ბოლო დღეებში კი მთავრობამ რეგფონდის აუთვისებლობის პრობლემა იმით “მოაგვარა”, რომ ფინანსთა სამინისტრომ ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხები მუნიციპალურ ბიუჯეტებში გადარიცხა, რითაც ხელი, შეუსრულებელი ბიუჯეტის გამო, ფაქტობრივად, ადგილობრივ თვითმმართველობებს შეახოცა.

ამ მდგომარეობის მიუხედავად, ინფრასტრუქტურის სამინისტრო აცხადებდა, რომ  მუნიციპალიტეტებს ტენდერების გამოცხადება და, შესაბამისად, პროექტების დაწყება კი დაუგვიანდათ, მაგრამ სწორედ ამ დადგენილების წყალობით, მუნიციპალიტეტებმა სატენდერო დოკუმენტაციის სწორად შედგენა ისწავლეს.

როგორც ჩანს, მთავრობაში საბოლოოდ მაინც გაიაზრეს, რომ თვითმმართველობებისადმი ამგვარი დამოკიდებულება, პირველ რიგში, მათვე უქმნიდა პრობლემებს და, რაც არ უნდა უარეყოთ, პასუხისმგებლობასაც მათ აკისრებდა, ამიტომაც 2019 წლის თებერვალში ახალი – 90-ე დადგენილება გამოსცეს, რომლითაც მუნიციპალიტეტები ინფრასტრუქტურული პროექტების სატენდერო დოკუმენტაციის რევიზიისგან გაათავისუფლეს, თუმცა, როგორც უკვე გითხარით, მათ გარკვეული ვალდებულებები მაინც დაუტოვეს.

რა ვალდებულებები დარჩათ ადგილობრივ თვითმმართველობებს?

დადგენილების მეორე მუხლში ვკითხულობთ, რომ მუნიციპალიტეტებმა და მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პორებმა უნდა უზრუნველყონ, ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებული CVP კოდების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დაწყებამდე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის შესყიდვის ობიექტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა, მათ შორის, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ შესყიდვის განხორციელების მიზნობრიობისა და აუცილებლობის დასაბუთება, ბაზრის კვლევის ამსახველი ინფორმაცია და სხვა.

რაც შეეეხება დანართს, ვიგებთ, რომ მუნიციპალიტეტებმა ინფრასტრუქტურის სამინისტროს შემდეგი შესყიდვების დოკუმენტაცია უნდა შეუთანხმონ:

1. სასოფლო-სამეურნეო და სატყეო დანიშნულების მანქანა-დანადგარები ნიადაგის მოსამზადებლად ან
კულტივირებისათვის; 2. მოსავლის ასაღები მანქანები; 3. ავტომტვირთველი ან თვითმცლელი ტრაილერები და ნახევარტრაილერები სოფლის მეურნეობისათვის; 4. სპეციალიზებული სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო დანიშნულების მანქანა-დანადგარები; 5. ტრაქტორები; 6. კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები; 7. ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები; 8. რადიოტელეფონის, რადიოსატელეგრაფო, რადიო და ტელემაუწყებლობის აპარატურა; 9. ტელე და რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა; 10. ქსელები; 11. ავტოსატრანსპორტო საშუალებები; 12. სატრანსპორტო საშუალებების ძარები, მისაბმელები ან ნახევრადმისაბმელები; 13. მუსიკალური ინსტრუმენტები და ნაწილები; 14. ავეჯი; 15. საოჯახო ტექნიკა; 16. ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები; 17. სითბოგაცვლითი დანადგარები და ჰაერის ან სხვა გაზების გასათხევადებელი მოწყობილობები; 18. ჰაერის კონდიცირების საშუალებები; 19. სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარები; 20. სამთო მანქანა-დანადგარები; 21. მიწის სათხრელი და სახაპავი მანქანები და მათი (მათთან დაკავშირებული) ნაწილები; 22. სამშენებლო მანქანები და მოწყობილობები; 23. მუხლუხა სატრანსპორტო საშუალებები; 24. პროგრამული უზრუნველყოფის სამრეწველო პაკეტები; 25. ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები; 26. საკომუნიკაციო და მულტიმედიის პროგრამული პაკეტები; 27. მონაცემთა ბაზისა და ოპერაციული პროგრამული პაკეტები; 28. საინფორმაციო სისტემები და სერვერები; 29. სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები.

დადგენილება 2019 წლის განმავლობაში იმოქმედებს, ვინაიდან ის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონიდან გამომდინარეობს. იმედია, 2020 წელს მთავრობა საბოლოოდ გააცნობიერებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები მისი, ან ინფრასტრუქტურის სამინისტროს ქვედანაყოფები არ არიან და შესყიდვებთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამო დადგენილებებს აღარ მიიღებს, მით უფრო, რომ, როგორც ხელისუფლება გვპირდება, 2020-ში დეცენტრალიზაციის მიმართულებით ფართო და ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმას აპირებს.