დაბა ბახმაროს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა

39

წინა სტატია

მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მე-10 სხდომაზე დაბა ბახმაროს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭეს. რაც იმას ნიშნავს, რომ “მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროს მოსახლეობაც ისარგებლებს.

შეგახსენებთ, რომ კანონით გათვალისწინებული შეღავათებით 2018 წლის განმავლობაში ჯამში 69 მილიონამდე ლარი გაიცა, მათ შორის, საპენსიო ასაკს მიღწეულ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირებზე; სოციალური პაკეტის მიმღებ მაღალმთიანი დასახლების მცხოვრებლებზე; მაღალმთიან დასახლებაში დასაქმებულ სამედიცინო პერსონალზე; ყოველთვიური ფულადი დახმარების სახით “მთის კანონის“ ამოქმედების შემდეგ დაბადებულ პირველ და მეორე ბავშვზე; მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლების პედაგოგებზე; მაღალმთიან დასახლებაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მასწავლებლებსა და სპორტის სფეროში დასაქმებულ მწვრთნელებზე. გარდა ამისა, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა 11 923-მა ოჯახმა მიიღო გაზრდილი ოდენობის საშეშე მერქანი, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე 84 000-ზე მეტ აბონენტს კი მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის 50% აუნაზღაურდა.

ასევე, საბჭოს სხდომაზე განიხილეს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან 2019 წელს განსაზღვრული თანხების განაწილების პროექტი და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

დოკუმენტი მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების ინკლუზიური და მდგრადი განვითარების სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებას და საქართველოს მოქალაქეებისთვის თანასწორი შესაძლებლობების გაჩენას, ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და ქვეყნის ტერიტორიის თანაბარი სოციალური და ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფას.