აჭარაში ტურიზმის განვითარების სტრატეგიაზე შეხვედრა გაიმართა

815

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ქვეყანაში ტურიზმის მიმართულებით დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

“ტურიზმის მდგრადი განვითარება ნიშნავს იმას, რომ სწორი და ინტეგრირებული პოლიტიკის განხორციელებით ქვეყანა ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე გრძელვადიან პერიოდში იღებს ეკონომიკურ სარგებელს. საერთაშორისო ტენდენციების გაანალიზებით, შეიძლება, ითქვას, რომ ტურიზმის მდგრადი განვითარება მაღალმთიანი რეგიონებიდან მიგრაციის მასშტაბს ამცირებს“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

ამასთან, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას 2019-2025 წლების ტურიზმის სტრატეგია გააცნო. 

როგორც აჭარის მთავრობის პრესსამსახურში განმარტავენ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურისტული პროდუქტების განვითარების და სერვისების გაუმჯობესების კონცეფცია მიმოიხილა, სეზონი შეაჯამა და მარკეტინგული სტრატეგიის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

მათივე ცნობით, ბათუმში გამართულ შეხვედრას ტურისტული სექტორის 100-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. მათ შორის, განთავსებისა და კვების ობიექტების, ტურისტული სააგენტოების, ტურისტული ობიექტების წარმომადგენლები და გიდები. ასევე, შეხვედრას ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ესწრებოდა, პრეზენტაციების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.