თელავის ცენტრის რეაბილიტაციისთვის პროექტის დამუშავება იწყება

731

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქალაქ თელავის ცენტრს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის თქმით, დაგეგმილია დეტალური პროექტის შემუშავება, რომლის შემდეგაც სამუშაოები დაიწყება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

მისი თქმით, რა თანხა დაიხარჯება აღნიშნულ სამუშაოებზე, ეს შესაბამისი პროექტის დამუშავების შემდეგ გადაწყდება.

“სახელმწიფოს მიერ რამდენიმე ქალაქისთვის გამოიყო თანხები მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამუშავებისთვის. ამ კუთხით თელავისთვის გამოიყო დამატებით თანხები, რომლის ფარგლებშიც ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიასთან დაკავშირებით შემუშავდა განაშენიანების რეგულირების გეგმა. ამის საფუძველზე მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შემუშავდეს დეტალური პროექტი, რა გაკეთდება და რა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება. არ გვაქვს ინფორმაცია, რეაბილიტაციისთვის რა თანხა იქნება საჭირო’’, – განუცხადა “კახეთის ხმას” ნუგზარ ბაჩიაშვილმა.

ამასთან, ცნობილია, რომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თელავის მუნიციპალიტეტს 14 პროექტი 5 401 626 ლარით დაუფინანსდა.