დეპუტატი ბექა ოდიშარია მზადაა, კომპენსაციის სანაცვლოდ, თაბორის მთაზე სასტუმროს მშენებლობაზე უარი თქვას

1328

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

დეპუტატი ბექა ოდიშარია მზადაა, კომპენსაციის სანაცვლოდ, თაბორის მთაზე სასტუმროს მშენებლობაზე უარი თქვას. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

“ადამიანს საკუთრებას ხომ არ წაართმევენ? ბუნებრივია, საკითხს ცივილური გადაწყვეტა ექნება. ის თუ სად მოხდება ჩანაცვლება, შემოთავაზება არის მერიის პრეროგატივა, ხოლო მესაკუთრის პრეროგატივაა ამ თემის განხილვა და დათანხმება.

მე არაერთხელ მითქვამს, რომ მთავარი არის ქალაქის ინტერესი და ყველამ საკუთარი ქმედებები სწორედ თბილისის ინტერესს უნდა მივუსადაგოდ. ასე ვფიქრობდი სხვა საინვესტიციო „ქეისების“ შემთხვევაშიც და ასე იქნება ახლაც. სრულიად ვიზიარებ მერის განცხადებას და მადლობას ვუხდი მას იმ რეალობის ნათლად წარმოჩინებისათვის, რასაც ასე საგულდაგულოდ ამახინჯებდნენ ამ პერიოდში, როგორც მედიის წარმომადგენლები, ისე თბილისის ფსევდო გულშემატკივარი პოლიტიკოსები, რომელთა ერთ ნაწილს სხვათაშორის, წილიც უდევთ შექმნილ სიტუაციაში”, – აღნიშნა ოდიშარიამ

ამასთან, “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას, დეპუტატმა განაცხადა ისიც, რომ მიწის ნაკვეთი აუქციონის წესით, 2007 წელს შეიძინა და არავის უცნობებია მისთვის, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე შეზღუდვები არსებობდა.

აღნიშნული მიწის ნაკვეთები მეტწილად აუქციონის წესით მაქვს შეძენილი მშენებლობის უფლებით და ეს პროცესი ჯერ კიდევ 2007 წლიდან დაიწყო. არც ერთი აუქციონისას არც სიტყვიერად და მითუმეტეს არც წერილობით არსად თქმულა იმის შესახებ, რომ აქ რაიმე შეზღუდვა არსებობდა. ეს ძალიან ადვილი გადასამოწმებელია, რადგან ყველა ეს ინფორმაცია საჯარო გახლავთ. წინა ხელისუფლების მიერ გარკვეული მიზნებით გაუქმებული და შესაბამისად, ბაზიდან ამოღებული იყო ის დადგენილებები, რომელიც შემუშავებული იყო ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში. შესაბამისად, იქნება ეს ლანდშაფტი, თუ სხვა, სადღეისოდ ჩვენ ყველა მიმართულებით გვაქვს განსხვავებული სურათი და რეალობა დედაქალაქში. ასე მაგალითად, თუკი ვიხელმძღვანელებთ და დავედარებით 80-იანი წლების მიდგომებს და მდგომარეობას, თბილისთან ახლად შემოერთებული რამოდენიმე სოფელი საერთოდ არ უნდა არსებობდეს. რაც შეეხება კონკრეტულ მიწის ნაკვეთებს, ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ მე ისინი შევიძინე არსებული ლანდშაფტური მდგომარეობით და მასზე განსაკუთრებული ზემოქმედება მომავალში არც განიხილებოდა.

დღეს მერიას განსხვავებული დამოკიდებულება და მიდგომები აქვს, რომელსაც მე, როგორც რიგითი თბილისელი და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ძველი უბნიდან, მხარს ვუჭერ და ვიზიარებ. დასრულების პროცესშია ახალი გენგეგმა და მე ამ აჟიოტაჟამდეც არა ერთხელ დამიფიქსირებია, რომ ჩვენს თაობას აქვს შანსი გადაარჩინოს თბილისი იმ ურბანულ კატასტროფას, რომლის წინაშეც ჩვენი ქალაქი აგერ უკვე მეოთხედ საუკუნეზე მეტია დგას. ასე, რომ ვფიქრობ, დღევანდელი გადაწყვეტილებაც სწორედ ასე უნდა იქნას აღქმული, რამდენადაც არ უნდა იყოს მესაკუთრე კეთილსინდისიერი და კანონის წინაშე გამართული, თუკი ქალაქის ინტერესი განსხვავებულია, უნდა არსებობდეს ორმხრივი კეთილი ნება, რომ ცივილიზებული დამოკიდებულებების გზით იზეიმოს უფრო დიდმა სიკეთემ”, – განაცხადა ოდიშარიამ.

შეგახსენებთ, დეპუტატის საკუთრებაშია თბილისში, თაბორის #1-ში, ყოფილი ბერძნის ქუჩაზე არსებული ის ტერიტორია, სადაც სასტუმროს მშენებლობა იგეგმებოდა, თუმცა როგორც დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, იქ სასტუმრო არ აშენდება.

“ჩემი დიდი პატივისცემა მინდა დავუდასტურო ბექა ოდიშარიას, თუმცა ამ კონკრეტულ მონაკვეთზე მშენებელობა ჩვენთვის არ არის მისაღები,“ – თქვა კალაძემ.