ლელობურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

691

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით არამატერიალური მემკვიდრეობის ელემენტს ლელობურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

“,,ლელო” უძველესი ქართული სიტყვაა და ძალით გადატანას ნიშნავს, სახელწოდება ნათლად განმარტავს მის შინაარს, ვხვდებით, რომ საქმე გვაქვს შეუპოვარ ბრძოლასთან. ძველი ქართული ეროვნული სპორტის სახეობებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ლელო, ქართული ჭიდაობა, დოღი და სხვა. მნიშვნელოვანია, რომ ლელოს გატანა საქართველოში დღემდე ვაჟკაცობის სინონიმია. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ეს ძირძველი თამაში ბურთაობიდან მოდის, რომელიც ჯერ კიდევ ვეფხისტყაოსანში გვხვდება. სხვადასხვა მასალების მიხედვით აღწერილია, რომ ლელოს უმთავრესად სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში სახალხო (რელიგიურ) დღესასწაულებზე თამაშობდნენ. ხოლო ძირითადად სათამაშო ცენტრად აღიარებული იყო: ფოთი, ბათუმი, ხონი, კულაში, სენაკი, ზუგდიდი, ქუთაისი და სხვა. ამასთან, ცნობილია ისიც, რომ თამაშობაში მონაწილეობას იღებდნენ ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლები: თავადები, აზნაურები, გლეხები.

რთულია ვიმსჯელოთ ზუსტად რომელ საუკუნეში გაჩნდა ეს თამაში, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში დღემდე თამაშობენ “ლელობურთს“ რომელიც ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთში ყოველი წლის აღდგომის დღესასწაულზე იმართება. ამ თამაშს გურულები 1854 წლის “შუხუთფერდის’’ ბრძოლას უკავშირებენ. ისტორიულ ბრძოლაში, რომელიც ნიგოითის ბრძოლის სახელითაა ცნობილი და რომელიც რუსეთ-თურქეთის ომის დროს 1854 წელს გაიმართა.  “ლელო“ გაზაფხულზე, აღდგომის დღესასწაულზე ყოველ წელს , „ცაცხვების ქვეშ“ იმართება.

დაუზუსტებელი ინფორმაციის გამო რთულია ვთქვათ, რამდენ საუკუნეს მოიცავს ეს თამაში მაგრამ ფაქტია, რომ გურულებმა მოახერხეს დღემდე შეენარჩუნებინათ ბრძოლის ამსახველ რიტუალად ქცეული სპორტის ეს ეროვნული სახეობა.

თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ მიუხედავად “ლელობურთის“ საუკუნეზე მეტი დროის არსებობისა, მას ისეთი სახეცვლილება არ განუცდია რაც ტრადიციას რადიკალურად შეცვლიდა. ლელოს პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ თავდაპირველად ბურთის სასაფლაოზე მიტანის ტრადიცია არ არსებობდა. ამის შესახებ სოფლის მცხოვრებლები და უხუცესი მოთამაშეები გვიყვებიან. ეს ტრადიცია მოგვიანებით, 1974 წელს დამკვიდრდა, როცა პირველად მიიტანეს ბურთი ერთ-ერთი ადგილობრივი გარდაცვლილი პირის, ლელოს ცნობილი მოთამაშის საფლავზე. 

ძველადაც და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგაც თამაში ყოველთვის აღდგომის დღეს ტარდებოდა. კომუნისტების მმართველობის დროს, 1 მაისს მშრომელთა დღეს თამაშობდნენ.

1989 წელს ერთადერთხელ დაირღვა ტრადიცია, როცა ლელობურთი გურიის საზღვრებს გასცდა და სოფლის სასაფლაოს ნაცვლად 9 აპრილს დაღუპულთა სულის საპატივცემულოდ თბილისში, მემორიალთან დადეს.

წლების მანძილზე, ბურთის აგდების პატივი ლელოს უხუცეს მოთამაშეს ჰქონდა. 10 წელზე მეტია ეს პატივი სოფლის ეკლესიის წინამძღვარ დეკანოზ საბას ერგო. ტრადიციულად ის დილით მიცვალებულთა პანაშვიდს ატარებს და ბურთს ეკლესიაში ინახავს საღამოს 5 საათამდე (თამაშის დაწყების უცვლელ დრომდე)”, – განმარტავენ ულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში.