გორში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

792

გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის 2019 წლის სამოქმედო გეგმა საკრებულომ ერთხმად დაამტკიცა. ინფორმაციას გორის გენდერის მედიაცენტრი ავრცელებს.

მედიაცენტრის წარმომადგენლის ნათია ომაძის განცხადებით, ეს ფაქტი გორის ისტორიაში პირველია.

პროექტზე გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად იმუშავა. გეგმა კი  ევროკავშირის დახმარებით პროექტის “ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად“ ფარგლებში შეადგინეს.

გეგმის მიხედვით სხვადასხვა აქტივობებია განსაზღვრული, რომლებიც სამ მთავარ მიზანს ემსახურება: მოხდეს, ინსტიტუციონალური შესაძლებლობების და ეფექტური ფუნქციონირების გაძლიერება მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით; ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა, ასევე ქალთა გაძლიერება და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

სამოქმედო გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გაეროს რეზოლუცია N1325-ის იმ საკითხებსაც, რომელიც გადაწყვეტილებებში ქალთა მონაწილეობას, კონფლიქტის პრევენციას და მასში ქალთა საჭიროებების გათვალისწინებას, ომის შედეგად დაზარალებული ქალების და ბავშვების დაცვას, დახმარებას და რეაბილიტაციას გულისხმობს.

გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა მუნიციპალიტეტისთვის ახალია. ის ცოცხალი დოკუმენტი იქნება და მისი სრულყოფა და განახლება მუდმივად მოხდება, – ამბობენ გორის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და განმარტავენ, რომ – ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ეცდებიან დროთა განმავლობაში ხელი შეუწყონ მუნიციპალიტეტში ქალთა ჩართულობის გაძლიერებას, გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის ფორმირებას და თანასწორობის უზრუნველყოფას მუნიციპალიტეტში.

პარალელურად პროექტის “ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად“ ფარგლებში 2020-2022 წლების გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმაც მუშავდება, რომელიც უახლოეს პერიოდში დამტკიცდება.