დიღმის მასივში კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

1301

დიღმის მასივში კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ბაღი 300 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი და 60-მდე ადამიანი დასაქმდება. მისივე თქმით, ბაგა-ბაღი ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის და უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების სისტემებით.

საბავშვო ბაღის ექსპლუატაციაში მიღება 2019 წლის შემოდგომაზე იგეგმება.

“2012 წლის შემდეგ, რაც ჩვენი რეფორმის შედეგად საბავშვო ბაგა-ბაღები უფასო გახდა, მოთხოვნა ძალიან გაიზარდა. დღეს თბილისის ბაღებში 60 ათასზე მეტი აღსაზრდელი გვყავს, თუმცა მოთხოვნა ძალიან დიდია და ხშირია შემთხვევა, როცა ამ მოთხოვნას ვერ ვაკმაყოფილებთ. შესაბამისად, მიმდინარე და მომდევნო წლების განმავლობაში, დედაქალაქში რამდენიმე ათეული ბაღის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილებაა მიღებული.

აშენდება ათამდე საბავშვო ბაღი, რამდენიმე ავარიულ ბაღს დემონტაჟი ჩაუტარდება და თავიდან აშენდება, ხოლო რვა ბაღი კეთილმოეწყობა. ასევე, მთლიანად განახლდება სათამაშო მოედნები.

დედაქალაქში ცხრა საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა უკვე დაწყებულია, შემოდგომისთვის კი, ოთხი საბავშვო ბაღი აღსაზრდელების მიღებას შეძლებს. ასევე, დაგეგმილია ავარიული შენობების გამაგრება-რეკონსტრუქცია, 12 ბაღის შენობის დემონტაჟი და მათ ადგილას ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაღების აშენება. გარდა ამისა, ორი მოქმედი ბაღის ეზოში დამატებითი ფლიგელები აშენდება. მიმდინარე წელს დედაქალაქის ბიუჯეტიდან ბაგა-ბაღების მშენებლობის მიზნით, უპრეცედენტოდ მაღალი თანხა – 50 მილიონი ლარია გამოყოფილი.