ქუთაისის მერია საზოგადოებრივი საპირფარეშოების პრობლემის გადასაჭრელად ობიექტებს იჯარით გასცემს

919

ქუთაისში საზოგადოებრივი საპირფარეშოების პრობლემის გადასაჭრელად მერია ობიექტებს იჯარით გასცემს. საკითხს საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, ქალაქის მასშტაბით არსებული ოთხი საპირფარეშო იჯარით გაიცემა და მათი წლიური საიჯარო თანხა, დაახლოებით, 10 000 ლარი იქნება.

საიჯარო ხელშეკრულება საპირფარეშოების რეაბილიტაციას და  მოწესრიგებას გულისხმობს, რითაც წლებისა განმავლობაში არსებული პრობლემები მოგვარდება.

ამასთან, მერიის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა ტურისტულ ადგილებზე ახალი საპირფარეშოების განთავსებაზე. საკითხს თვითმმართველობა ტურიზმის დეპარტამენტთან ერთად განიხილავს. აღსანიშნავია, რომ ბაგრატის ტაძრის მიმდებარედ საპირფარეშოს განთავსების პროექტი, მერიის გამოცხადებული კონკურის გამარჯვებული გახდა. მოქალაქეებმა სამი პროექტიდან არჩევანი მასზე შეაჩერეს, თუმცა ამ დრომდე პროექტი არ დაწყებულა.

ქუთაისში საზოგადეობრივი საპირფარეშოების მოუწესრიგებლობის პრობლემა წლების განმავლობაში არსებობდა.

საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც პარტიამ “თავისუფალი საქართველო” აქცია გამართა და მერია ობიექტების დაკეტვის გამო დაადანაშაულა.