სატელევიზიო სიუჟეტისთვის დადგმული კადრის გამო სამოქალაქო აქტივისტს აჯარიმებენ

1077

სტატიის გაგრძელება

სამოქალაქო აქტივისტს, ნინო გოგოლაშვილს, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში ცხოვრობს, ტელეკომპანია “იმედის” მიერ მომზადებულ სიუჟეტში დადგმული კადრის გამო აჯარიმებენ.

სიუჟეტი სოფელში არსებულ ქაოტურ ნაგავსაყრელს ეხებოდა, რომლის არსებობასაც გოგოლაშვილი აპროტესტებს. სწორედ ამ სიუჟეტის მომზადებისას, კადრის გადასაღებად, ნინო გოგოლაშვილმა ადგილზე პარკით ნაგავი დაყარა. მისივე ინფორმაციით, გადაღების შემდეგ მან ეს ნაგავი აიღო, თუმცა, ამის მიუხედავად, სიუჟეტის გასვლიდან რამდენიმე დღეში მას გარემოს ზედამხედველობის სამსახურმა ტერიტორიის დანაგვიანებისთვის სამართალდარღვევის ოქმი გამოუწერა. ამ დარღვევისთვის ჯარიმა კი 80-დან 500 ლარამდე მერყეობს.

ის, რომ გოგოლაშვილმა ნამდვილად სიუჟეტისთვის დაყარა ნაგავი, “ლიბერალთან” საუბარში ტელეკომპანიის ჟურნალისტიც ადასტურებს.

გოგოლაშვილი ამ ფაქტს მასზე ზეწოლის მცდელობად განიხილავს, ვინაიდან ის ალექსანდრე ელისაშვილის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის – “სამოქალაქო მოძრაობის” წევრია.