პარლამენტში მთავრობის მიერ მომზადებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის შესასწავლად სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

პარლამენტში, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მოთხოვნით, დეცენტრალიზაციის საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ამის შესახებ პარლამენტის  ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.

როგორც droa.ge-თან  საუბრისას კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ  განაცხადა, ჯგუფის შექმნის მიზანი მთავრობის მიერ შემუშავებულ სტრატეგიის პროექტზე პარლამენტის პოზიციის ჩამოყალიბებაა.

“საქართველოს მთავრობამ დაასრულა დეცენტრალიზაციის საშუალოვადიან  სტრატეგიაზე მუშაობა, დოკუმენტი უკვე არსებობს და რამდენადაც ეს გახლავთ პოლიტიკის დოკუმენტი, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა გააკეთოს ამ დოკუმენტის შეფასება, რადგანაც პოლიტიკის განმსაზღვრელი სწორედ პარლამენტია. შეფასებისთვის კი პარლამენტმა უნდა შეისწავლოს ამ დოკუმენტის შინაარსი, თუ რას გულისხმობს და  შემუშავდეს რეკომენდაციები”, – აცხადებს ზაზა  გაბუნია.

ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი მთავრობის მიერ შემუშავებული სტრატეგიის დოკუმენტის განსახილველად, სადაც ჩართულები იქნებიან დეპუტატები, როგორც  პოლიტიკური  ნიშნით, ანუ  ფრაქციების წარმომადგენლები,  ასევე დარგობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, იმ კომიტეტებიდან, რომლებსაც შეხება აქვთ რეგიონებში განსახორციელებელ სერვისებთან.

“ეს სამუშაო ჯგუფი მუშაობას უახლოეს დღეებში დაიწყებს. ჩვენ ვაპირებთ, რომ დოკუმენტი დეტალურად შევისწავლოთ და ჩამოვაყალიბოთ პარლამენტის მოსაზრება”, – ამბობს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე.

დეცენტრალიზაციის  სტრატეგიაზე მუშაობა ჯერ კიდევ პრემიერმა კვირიკაშვილმა 2017 წლის დეკემბრის ბოლოს პარლამენტში გამოსვლისას დააანონსა.  როგორც მაშინ კვირიკაშვილმა განაცხადა, დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მუშაობა დაწყებულია და ის სამ მიმართულებას – ფისკალურ დეცენტრალიზაციას, მუნიციპალიტეტებისთვის გარკვეული უფლებამოსილებების დელეგირებასა და ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის ჩამოყალიბებას მოიცავს.

სტრატეგიაზე მუშაობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალა  და მაშინვე ითქვა, რომ დოკუმენტზე მუშაობა ექსპერტებისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობით გაგრძელდებოდა. თუმცა, ეს პროცესი საკმაოდ გაიწელა და სამუშაო ჯგუფების შეხვედრები მხოლოდ ზაფხულში დაიწყო და საბოლოო დოკუმენტი ჯერაც არაა შემუშავებული. პროცესში ჩართულმა ექსპერტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ხელისუფლებას სტრატეგიის, პრაქტიკულად, ალტერნატიული პროექტი შესთავაზეს, თუმცა, შეთავაზებების დიდ ნაწილზე პასუხი მთავრობისგან ამ დრომდე არ მიუღიათ.

პარლამენტი კი, როგორც ჩანს, პროცესში უკვე სამუშაოს დასრულების ეტაპზე ერთვება. ამას კი ზაზა გაბუნია იმით ხსნის, რომ დოკუმენტზე მთავრობა მუშაობდა და სამუშაო პროცესში ვერ ჩაერთვებოდა.

„სტრატეგიაზე მუშაობდა მთავრობა. ჩვენ ამ პროცესში ვერ ჩავერთვებოდით და არც უნდა ჩავრთულიყავით. თუმცა, ცხადია, ჩვენ  ამ მუშაობის პროცესს თვალყურს ვადევნებდით იმ სუბორდინაციის დაცვით, რაც უნდა ჰქონდეს მთავრობას და პარლამენტს. ახლა უკვე, როდესაც დოკუმენტი შემუშავებულია, პარლამენტი ჩაერთვება და შეიმუშავებს მოსაზრებას. მანამდე კი ამ სტრატეგიის განხილვის საჯარო პროცესი გაიმართება,“ – ამბობს ზაზა გაბუნია.

მსგავსი სიახლეები