თბილისის საკრებულოს კომისიის სხდომაზე საათობრივი პარკირების საკითზე იკამათეს

245

წინა სტატია

თბილისის საკრებულოს ტრანსპორტის კომისია კოტე აფხაზის ქუჩაზე პარკირების საფასურის ოდენობის დადგენის საკითხზე მსჯელობს. სხდომას კომისიის თავმჯდომარე თედო ისაკაძე ხელმძღვანელობს. საკითხის განხილვაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე და სხვა პირები მონაწილეობენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

საკითხის განხილვას კამათი მოჰყვა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა, რომ აღნიშნულ ქუჩაზე პარკირების საფასურის შემოღება მოსახლეობას ტვირთად დააწვება.

თბილისის მერიის მოადგილის ირაკლი ხმალაძის თქმით კი, აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქში სატრანსპორტო ნაკადების მართვას ემსახურება. კერძოდ, ავტომანქანების რაოდენობის შემცირებას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას. მისივე განმარტებით, განვითარებულმა ქალაქებმა სწორედ ასეთი მოდელები გამოიყენა, რათა დაარეგულიროს ავტომანქანების რაოდენობა. ხმალაძის განმარტებით, საათობრივი ტარიფი 3 ლარზე მეტი არ უნდა იყოს, თუმცა მისი ოდენობის განსაზღვრაში არასამთავრობო ორგანიზაციებიც იქნებიან ჩართული. ირაკლი ხმალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ტარიფი ინდივიდუალურია და მისი გამოანგარიშება ქუჩის სპეციფიკის გათვალისწინებით მოხდება.

“მოდით, ტარიფის ოდენობა იყოს ცოტა, რათა მძღოლმა ფულის გადახდა შეძლოს, მართებული არ არის. აღნიშნული მოდელის შემოღების მიზანი არ არის მარტო თანხის მოკრება, არამედ ავტომანქანების რაოდენობის დარეგულირება”, – განაცხადა ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქში პარკირებაზე საათობრივი გადასახადი, თავდაპირველად კოტე აფხაზისა (ლესელიძის) და მის მიმდებარე ქუჩებზე 1-ელი ივლისიდან დაწესდება. ამასთან, კოტე აფხაზის ქუჩაზე ტაქსებისთვის უფასო საპარკინგე ადგილები განისაზღვრება.

თბილისის ვიცემერის ირაკლი ხმალაძის ინიციატივით, პარკირების ზონალური საფასური, სავარაუდოდ, 50 თეთრიდან განისაზღვრება.

ამასთან, თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მძღოლებს ავტომანქანის უფასოდ პარკირება დღეში 4-ჯერ, 15-15 წუთით შეეძლებათ.

პარკირების საათობრვ გადასახადს ელექტრომობილების მფლობელები და შშმ პირები არ გადაიხდიან. ხოლო, სამუშაო ოფისებთან მანქანების გაჩერებაზე პარკირების საფასური საათობრივად განისაზღვრება.

“პარკირებაზე გადახდის საათობრივი სისტემის შემოღების მიზანი არის არა ის, რომ პარკინგის სისტემა კომფორტული გახდეს, მისი მიზანია, რომ გაიძულოთ გადახვიდეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე”, – ამბობს თბილისის ვიცემერი.

ის პირები კი, რომლებსაც პარკირების გადასახადი წლის ბოლომდე გადახდილი აქვთ, ზონალური პარკირების ადგილებში დამატებით საფასურს მაინც გადაიხდიან.

ასევე, ცნობილია, რომ საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ზონალური საპარკინგე სივრცეების შემოღებას მხარს არ დაუჭერენ.