ტარა კემპბელი – 70-ათასიანი ქალაქის 25 წლის მერი

96

25 წლის ტარა კემპბელი კალიფორნიის შტატის ყველაზე ახალგაზრდა ქალი მერია. ის ქალაქ იორბა ლინდას მერი 2018 წლის ბოლოს გახდა. კემპბელი ბევრს შრომობს იმისათვის, რათა დაამტკიცოს, რომ მისი ახალგაზრდა ასაკი ქალაქის მართვაში არათუ ხელს უშლის, პირიქით, მისი დიდი აქტივია.

2016 წლიდან ტარა კემპბელი იორდა ლინდას საქალაქო საბჭოს წევრია. მანამდე ის უკვე მუშაობდა ერთ-ერთ საქალაქო კომისიაში, რომელიც ქალაქის გამწვანების, რეკრეაციისა და პარკების საკითხს კურირებდა. ამ დროის განმავლობაში ის ესწრებოდა ქალაქის საბჭოს სხდომებს და მონდომებით სწავლობდა იორბა ლინდას ბიუჯეტსა და შესაძლებლობებს.

საქალაქო საბჭოში არჩევიდან ორ წელში ის ქალაქის მერი გახდა. სხვათა შორის, სწორედ ამ ქალაქიდან იყო ამერიკის 37-ე პრეზიდენტი, რიჩარდ ნიქსონი.

“დარწმუნებული ვიყავი, რომ შევძლებდი ამ საქმის გაძღოლას”, – განუცხადა კემპბელმა “Teen Vogue”-ს ინტერვიუში, – “მე გავიზარდე ამ საზოგადოებაში, მე ვიცნობდი ქალაქის ბიუჯეტსა და საჭიროებებს შიგნიდან და გარედან”.

ის პატარ-პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე ხელშესახებ გავლენას ახდენს, ყველაზე მეტად მოსწონს კემბელს. “ჩვენ დიდ დროს ვუთმობთ ეროვნული მნიშვნელობის საკითხებს, მაგრამ მოსახლეობის კეთილდღეობის საკითხები ადგილობრივ დონეზე წყდება”, – ამბობს ის.

როდესაც ტარა კემპბელი წამოიზარდა, პოლიტიკაზე მეტად, სპორტი აინტერესებდა. პოლიტიკით კი 2013 წელს დაინტერესდა, როცა ხელისუფლებამ ხელმისაწვდომი სამედინიცო მომსახურების შესახებ ინიციატივა ჩააგდო. ამავე პერიოდში იორბა ლინდაში საქალაქო საბჭო კრიზისს განიცდიდა და მისი წევრების გაწვევის საკითხი აქტიურად იდგა.

ხალხი ყველა დონის ხელისუფლების მიმართ იმედგაცრუებული იყო. კემპბელი ფიქრობდა, რომ მას შეეძლო, ზეგავლენა მოეხდინა მუნიციპალურ დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

ქალაქის საბჭოს წევრი პეგი ხუანგი, რომელიც 2017 წელს ქალაქის მერი იყო, ახლა კი კემპბელის მრჩეველთა საბჭოში მუშაობს, იხსენებს იმ კრიტიკას, რომელსაც მისი უმცროსი კოლეგა კამპანიის დასაწყისში შეხვდა. “ხალხი ამბობდა, ის ხომ ასეთი ახალგაზრდაა, მას სახლის საკუთრებაში ფლობის უფლებაც კი არ აქვს ჯერ, მან ახლახან დაამთავრა კოლეჯი, რა უნდა იცოდეს?”, – იხსენებს ხუანი.

ის კემპბელს პირველად 2014 წელს შეხვდა ქალთა პოლიტიკური სწავლების სკოლაში. სწორედ მან შესთავაზა, კენჭი ეყაარა საქალაქო საბჭოში. შემდეგ კი, როცა კემპბელი მერი გახდა, ხუანი მრჩეველთა საბჭოში შეიყვანა. “მან იცის თავისი საქმე. მე კი ვიცი, რომ ის ყოჩაღია”, – ამბობს ხუანი.

იორბა ლინდაში, ისევე, როგორც ბევრ არცთუ ისე დიდ ქალაქში, მერი სრულ სამუშაო დღეს არ მუშაობს. მერის უფლებამოსილების შესრულებასთან ერთად, კემპბელი ორინჯის ოლქის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობს. ის მერის რანგში შეხვედრებს სადილისას ან მივლინებებისას მართავს. დასვენების დღეებში ის საზოგადოებრივ ცენტრებს სტუმრობს.

მიუხედავად იმისა, რომ კონგრესში ქალების რიცხვი იზრდება, ადგილობრივ თვითმმართველობებში ქალები მერის პოზიციაზე არცთუ ისე ბევრია. მაშინ, როცა ქალების რიცხვი შტატის საკანონმდებლო ორგანოში 28,7%-ს შეადგენს, ხოლო 23,7% – კონგრესში, მერების მხოლოდ 22%-ია ქალი იმ ქალაქებში, სადაც 30 ათასზე მეტი მცხოვრები სწორედ ქალები არიან.

კემპბელი განსაკუთრებით შეშფოთებულია იმით, რომ ახალგაზრდები ადგილობრივ თვითმმართველობაში არ ერთვებიან. იმისათვის, რომ ისინი მიიზიდოს, კემპბელი მათ სხვადასხვა პროგრამას სთავაზობს, იქნება ეს  სამოქალაქო ლიდერთა აკადემია უფროსკლასელთათვის, სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისთვის და სხვა. ის ახლა სწორედ სტუდენტთა სტაჟირების ახალ პროგრამაზე მუშაობს, რათა დააინტერესოს ისინი, ჩაერთონ ქალაქის თვითმმართველობის საქმიანობაში და გაიკეთონ აქ კარიერა.

კემპბელი ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს ახალგაზრდებისგან ბევრი აქვთ სასწავლი. ის დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდებს კარდინალურად შეუძლიათ ადგილობრივ დონეზე ვითარების შეცვლა.” ჩვენ, ახალგაზრდები, უნდა ვიყოთ სადისკუსიო მაგიდის გარშემო, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება, ჩვენ უნდა გავხდეთ ამ დისკუსიების ნაწილი, იმიტომ, რომ ის გადაწყვეტილებები, რასაც დღეს იღებენ, სწორედ ჩვენ გვეხება და მომავალში მასზე პასუხისგებაც მოგვიწევს”, – ამბობს კემპბელი.

ტარა კემპბელს მტკიცედ სწამს, რომ მოხალისეობა, რომელიც ასე აკლია საზოგადოებას, კვლავ გახდება მისი თანაქალაქელებისთვის მნიშვნელოვანი საკითხი. ის, სხვადასხვა ორგანიზაციასთან ერთად, ხშირადაა ჩართული საქველმოქმედო ღონისძიებებში, ამზადებს და არიგებს სადილს, ზრუნავს ქალთა უფლებებზე და ა.შ.

კათოლიკურ ოჯახში გაზრდილი ტარა, ასევე, მუშაობს წმინდა მარტინ დე პორესის ეკლესიაში და დაკავებულია სხვადასხვა საქმიანობით. ამჟამად ის მრევლთა საბჭოს წევრია.

ტარას ოჯახი 30 წელია, იორბა ლინდაში ცხოვრობს. კემპბელი თავისუფალ დროს სწორედ ოჯახთან ერთად ატარებს, განსაკუთრებით კი თავის ძმის შვილებთან ერთად გართობა უყვარს.