ორწლიანი ლოდინის შემდეგ ახალციხის სოფელ კლდეში სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია სრულდება

863

წინა სტატია

თითქმის ორწლიანი ლოდინის შემდეგ, ახალციხის სოფელ კლდეში, სარწყავი სისტემით სარგებლობა შესაძლებელი იქნება. საქართველოს მელიორაციაში აცხადებენ, რომ რწყვის სეზონზე კლდის და წნისის მოსახლეობას პრობლემა აღარ შეექმნება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

კლდის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია 2017 წელს დასრულდა და ამისთვის 1 300 000 ლარზე მეტი დაიხარჯა. თუმცა იმის გამო, რომ სისტემა გამართულად ვერ მუშაობდა, ამ დრომდე მისი ექსპლუტაციაში შესვლა ვერ მოხერხდა.

საქართველოს მელიორაციაში განმარტავენ, რომ სარწყავი სისტემის გამართული მუშაობისთვის მილების შეცვლაა საჭირო. ამ ეტაპზე, დაახლოებით, ერთკილომეტრიანი მონაკვეთია დარჩენილი, სადაც ახალი მილებია ჩასაწყობი. მილები იმ ადგილზე უნდა გამოიცვალოს, სადაც რკინიგზის ხაზი და თბილისი–ახალციხის საავტომობილო გზა გადის.

“ამ კვირაში გამოცხადდება ტენდერი და სავარაუდოდ, აპრილის დასაწყისში გამარჯვებული კომპანია გვეყოლება. ცენტრალური გზა უნდა გადაიკვეთოს და ამისთვის შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებას ვაწარმოებთ. სარწყავ სეზონამდე სამუშაოების დასრულებას მოვასწრებთ“, – ამბობს საქართველოს მელიორაციის ტექნიკური დირექტორი თენგიზ აგირბაია.

მისი თქმით, ახალი მილების გაკეთების შემდეგ კლდის სარწყავ სისტემასდაახლოებით 20 წელი პრობლემა აღარ შეექმნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მელიორაციის დაფინანსებით, სოფელ კლდეში 2016–2017 წლებში რეაბილიტაცია მექანიკური აწევის სარწყავი სისტემის სატუმბი სადგურს და სარწყავ ქსელს ჩაუტარდა. სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდა, რისთვისაც ჯამში 1 336 250 ლარი დაიხარჯა. აღნიშნული სატუმბით ნაკვეთებს წყალი მდინარე ფოცხოვიდან უნდა მიეწოდოს.

პირველ ეტაპზე აღდგა სატუმბი სადგური, სატრანსფორმატორო შენობა, წყალმიმყვანი და წყალგამშვები არხები და მაგისტრალური არხი, ასევე, მოეწყო განამაწილებელი, მიმღები და ჩამქრობი ჭები, შემოიღობა სატუმბი სადგურიც. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს “მამისონმა“ 1 295 250 ლარად შეასრულა.

შემდეგი ეტაპზე, 2017 წელს ელექტროენერგიით უზრუნველყოფის სამუშაოები ჩატარდა, ამისთვის ტენდერში გამარჯვებულმა შპს “ქსელმშენმა“ 41 000 ლარი დახარჯა.

საბოლოო ჯამში, სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია 2017 წლის ნოემბერში დასრულდა, თუმცა ქსელი ექსპლუატაციაში ამ დრომდე არ შესულა.

კლდის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია, რომლითაც წნისელების ბაღებიც უნდა მოირწყოს, 2017 წლის ნოემბერში დასრულდა. რეაბილიტირებული სისტემით 320 ჰექტარი უნდა გასარწყავიანდეს. ერთი ჰექტრის მორწყვა ადგილობრივებს 75 ლარი დაუჯდებათ. სისტემის გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებლობას შპს “საქართველოს მელიორაცია“ იღებს.