საკრებულოში სატრანსპორტო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა გაიმართა

1354

წინა სტატია

თბილისის საკრებულოში ზონალური პარკირების თემაზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელშიც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი, სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო ისაკაძე და საკრებულოს უმრავლესობის წევრები მონაწილეობდნენ.

როგორც საკრებულოში განმარტავენ, შეხვედრაზე ზონალური პარკირების საპილოტე პროექტთან დაკავშირებით სატრანსპორტო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები და მათი რეკომენდაციები განიხილეს.

“პროექტის კონცეფციაზე ყველა ვთანხმდებით. ამავე დროს, არის ბევრი ნიუანსი, რომლებზეც არასამთავრობო სექტორის პოზიცია მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია“, – განაცხადა შეხვედრაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ.

ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა და სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, თედო ისაკაძემ შეხვედრის მონაწილეებს ზონალური პარკირების საპილოტე პროექტის სქემა გააცნეს, რომელიც კოტე აფხაზის ქუჩას და მიმდებარე ტერიტორიებს მოიცავს.

ბექა დავითულიანის განცხადებით, საპილოტე პროექტის ამოქმედებამდე, MAN-ის ტიპის 90 ახალი ავტობუსი ექსპლუატაციაში შევა და საპილოტე პროექტის მიმდებარე ტერიტორიის საჭირო რაოდენობის საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფა მოხდება.

“არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მთლიანად იზიარებენ მოსაზრებას, რომ ზონალური პარკირების სისტემის შემოღება აუცილებელია, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული გარემოს დაცვასთან, სატრანსპორტო ქსელის გაუმჯობესებასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან.

არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრებები. აღინიშნა, რომ გასათვალისწინებელია განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა, სადაც უკვე მოქმედებს ზონალური პარკირების სისტემა და კონკრეტული მაგალითების საფუძველზე მოსაზრებები ჩამოყალიბდა. თედო ისაკაძის განცხადებით, დედაქალაქის ქუჩები დაიყოფა A,B,C კატეგორიებად და უნდა განისაზღვროს მინიმალური და მაქსიმალური ტარიფები ზონების მიხედვით. ყველაზე მაღალი ფასი C კატეგორიის ქუჩებზე იქნება დაწესებული“, – ნათქვამია საკრებულოს მიერ გავრცებულ ინფორმაციაში.

დედაქალაქში პარკირებაზე საათობრივი გადასახადი, თავდაპირველად კოტე აფხაზისა (ლესელიძის) და მის მიმდებარე ქუჩებზე 1-ელი ივლისიდან დაწესდება. ამასთან, კოტე აფხაზის ქუჩაზე ტაქსებისთვის უფასო საპარკინგე ადგილები განისაზღვრება.

თბილისის ვიცემერის ირაკლი ხმალაძის ინიციატივით, პარკირების ზონალური საფასური, სავარაუდოდ, 50 თეთრიდან განისაზღვრება.

ამასთან, თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მძღოლებს ავტომანქანის უფასოდ პარკირება დღეში 4-ჯერ, 15-15 წუთით შეეძლებათ.

პარკირების საათობრვ გადასახადს ელექტრომობილების მფლობელები და შშმ პირები არ გადაიხდიან. ხოლო, სამუშაო ოფისებთან მანქანების გაჩერებაზე პარკირების საფასური საათობრივად განისაზღვრება.

“პარკირებაზე გადახდის საათობრივი სისტემის შემოღების მიზანი არის არა ის, რომ პარკინგის სისტემა კომფორტული გახდეს, მისი მიზანია, რომ გაიძულოთ გადახვიდეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე”, – ამბობს თბილისის ვიცემერი.

ის პირები კი, რომლებსაც პარკირების გადასახადი წლის ბოლომდე გადახდილი აქვთ, ზონალური პარკირების ადგილებში დამატებით საფასურს მაინც გადაიხდიან.

ასევე, ცნობილია, რომ საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ზონალური საპარკინგე სივრცეების შემოღებას მხარს არ დაუჭერენ.