დუშეთის მერი: სამი წელია, საძოვრების გადმოცემას ვითხოვთ. მუნიციპალიტეტი შემოსავლებს კარგავს

2170

წინა სტატია

შემდეგი სტატია

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი სახელმწიფოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სათიბ-საძოვრების გადაცემას სთხოვს. სეხნიაშვილის თქმით, იმის გამო, რომ ეს ქონება თვითმმართველობას არ ეკუთვნის, ისედაც მცირებიუჯეტიანი მუნიციპალიტეტი დიდ შემოსავალს კარგავს.

მუნიციპალიტეტის წლევანდელი ბიუჯეტი ჯამურად 8 მლნ ლარია, რაც მასში შემავალი 289 სოფლის საჭიროებების მოგვარებას არ ჰყოფნის. მხოლოდ სათიბ-საძოვრების გადაცემით კი, მუნიციპალური ბიუჯეტი მინიმუმ 1 მლნ ლარით გაიზრდებოდა. ამის შესახებ სეხნიაშვილმა მთავრობის მიერ შემუშავებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვისას განაცხადა.

დუშეთის მერი ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხს უკვე სამი წელია, აყენებს, თუმცა, ამ დრომდე შედეგს ვერ მიაღწია.

“მოგეხსენებათ, დუშეთს 120 ათასი ჰა საძოვარი გავქვს. 3 წელია, ერთი და იგივეს ვიძახით, პარლამენტშიც დავაყენეთ ეს საკითხი, მოგვეცით, გადმოგვეცით აღნიშნული სათიბ-საძოვრები. შემუშავებული გვაქვს გეგმა და პირობითად ვამბობ, 10 ლარადაც რომ გაგვექირავებინა, 1 მლნ 200 ათასი ლარი შემოვიდოდა ადგილობრივ ბიუჯეტში. ამ თანხას კი მუნიციპალიტეტს და სოფლის მეურნეობის განვითარებას მოვახმარდით”, – აცხადებს სეხნიაშვილი.

როგორც ცნობილია, დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოამზადა და მასში, ძირითადად, სამი მიმართულებაა გაწერილი – ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაზრდა, ფინანსური დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მექანიზმების სრულყოფა.

სტრატეგიამ უნდა დაარეგულიროს ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის ქონების გადაცემის საკითხიც, თუმცა, ამ დრომდე არ არის ცნობილი, აპირებს თუ მთავრობა აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას.

ფოტო: რეგინფო