ამბროლაურის მერი: თვითმმართველობებისთვის ქონების გადაცემის საკითხი პრიორიტეტი უნდა იყოს

50

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ამბროლაურის მერი ზვიად მხეიძე აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის ქონების გადაცემის საკითხი რიგით პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს. ამის შესახებ მან მთავრობის მიერ შემუშავებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვისას განაცხადა.

მხეიძეს შენიშვნები მუნიციპალიტეტების დაფინანსების ახალ სისტემასთან დაკავშირებითაც აქვს, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივ თვითმმართველობებზე დღგ-ის 19% ნაწილდება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დაფინანსების ახალი მოდელი წინა მოდელს სჯობია, მისი შემადგენელი კრიტერიუმები გადასახედია. ამბროლაურის მერი ამბობს, რომ 0-დან 6 წლამდე  და 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების კომპონენტი, რომელიც დღგ-ის განაწილების ფორმულის შემადგენელი ნაწილია, მაღალმთიან მუნიციპალიტეტებს სხვა მუნიციპალიტეტებთან არათანაბარ მდგომარეობაში აგდებს.

მისი თქმით, რაჭაში ჭარბი დემოგრაფიული და მიგრაციული პროცესებია, მოსახლეობა ნაკლებია და, თუ არ შეიქმნება შესაბამისი პირობები მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, მუნიციპალიტეტი და მთლიანად რეგიონი ურთულეს ვითარებაში აღმოჩნდება.

ამბროლაურის მერს სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებითაც აქვს შენიშვნები. მხეიძე ამბობს, რომ ისევ მიგრაციის პრობლემის გამო, პროგრამის განხორციელებაში შეიძლება სირთულეები შეიქმნას.

“მოგეხსენებათ, რომ თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, სოფლის საერთო კრება ითვალისწინებს რეგისტრირებული მოსახლეობის 20%-ის მონაწილეობას. მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩაითვლება კრება
უფლებამოსილად. მაგრამ წარმოიდგინეთ ისეთი სოფლები, სადაც ზამთარში საერთოდ არაა მოსახლოება და ამ პირობებში გვიწევს საერთო კრების ჩატარება. ანუ, რეგისტირებულია, პირობითად, ორმოცდაათი და რეალურად
ცხოვრობს ორი ადამიანი. არადა, დამერწუმენთ, რომ სწორედ მათთვისაა გარკვეული სერვისების მიწოდება უფრო მნიშვნელოვანი, ვინც ზამთარში სოფელს არ ტოვებს და იქ ცხოვრობს. დარწმუნებული ვარ, ყველა მთიან
რეგიონშია მსგავსი პრობლემა”, – ამბობს მხეიძე.

ამბროლაურის მერი ბუნებრივი რესურსით სარგებლობის საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ აუცილებელია, გლეხს, არა კომერციული, არამედ პირადი სარგებლობის მიზნით ბუნებრივი რესურსით სარგებლობის უფლება ჰქონდეს.

“იქიდან გამომდინარე, რომ, რეალურად, ხის მასალის ლიცენზირებული მომპოვებელი რეგიონის მასშტაბით მხოლოდ ლენტეხშია, გლეხს ხე-ტყის მასალის დასამზადებლად ამბროლაურიდან ან ონიდან ლენტეხში უწევს წასვლა, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება. ეს საკითხი უფრო მეტად პრობლემური სოციალურად შეჭირვებული ბენეფიციარებისთვისაა”, – ამბობს მხეიძე და დასძენს, რომ ასეთი შემთხვევების მიმართ ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო.

როგორც ცნობილია, დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოამზადა და მასში, ძირითადად, სამი მიმართულებაა გაწერილი – ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაზრდა, ფინანსური დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მექანიზმების სრულყოფა.