ბათუმის მერია თანახმაა, ხელვაჩაურს მიწები უკან დაუბრუნოს (ვიდეო)

722

წინა სტატია

ბათუმის მერია თანახმაა, ხელვაჩაურს ის ტერიტორიები დაუბრუნოს, სადაც მუნიციპალიტეტის დაბა და ადმინისტრაციული ცენტრია განთავსებული. საკითხზე დღეს საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

თვითმმართველობა ხელვაჩაურს 555 442 კვ.მ ტერიტორიას დაუბრუნებს, ეს არის ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ფანასკეტელ-ციციშვილისა და გრიგოლ რობაქიძის ქუჩებს შორის მოქცეული მონაკვეთი. ტერიტორია, სადაც ხელვაჩაურის მერიის შენობა დგას, ამ დრომდე ქალაქ ბათუმის ფარგლებში იყო.  მიწები ბათუმს 2011 წელს გადაეცა.

ხელვაჩაურმა, ქალაქის მერიას ტერიტორიის დაბრუნების მოთხოვნით, გასული წლის სექტემბერში მიმართა. საკითხზე, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები, რამდენიმე თვე მიმდინარეობდა. ხელვაჩაურის საკრებულომ სპეციალური კომისიაც შექმნა. კომისიის წევრებმა იმუშავეს, შეადგინეს რუკა და გეგმა, ასევე განსაზღვრეს ტერიტორიები, რომლის უკან დაბრუნებაც სურდათ.

საკითხის განხილვის პროცესში მოსახლეობაც გამოკითხეს. 246 ოჯახიდან 225 თანახმა იყო, 8 თავი შეიკავა, 13 კი წინააღმდეგი წავიდა.