ბათუმის ბულვარსა და პარკში მოტოციკლითა და ელექტრომობილით მოძრაობა, შესაძლოა, აიკრძალოს

997

სტატიის გაგრძელება

ბათუმის ბულვარში, პარკში და სკვერში მოტოციკლით, კვადროციკლითა და ელექტრომობილით გადაადგილება, შესაძლოა, აიკრძალოს. გადაწყვეტილებას დეპუტატები ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დღეს მიიღებენ. ინიციატივა ”ბათუმის ბულვარს” ეკუთვნის. ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა საკრებულოს წერილობით 12 თებერვალს მიმართეს და საკითხის შესწავლა და რეგულაციების გამკაცრება მოითხოვეს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ბათუმის ბულვარის შიდა პერიმეტრზე ველოსიპედით და ელექტრომობილით მოძრაობა ისედაც აკრძალულია. თუ ახალი რეგულაცია დამტკიცდა, მაშინ შეზღუდვების არეალი კიდევ უფრო გაფართოვდება და ის მთელ ზღვისპირა პარკს მოიცავს.

იდეის ავტორები ფიქრობენ, რომ ბულვარის ტერიტორიაზე გადაადგილება ბევრად უფრო უსაფრთხო გახდება.

”როგორც გასული წლის სტატისტიკამ აჩვენა, ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე ყოველწლიურად იზრდება ელექტრომობილით გამოწვეული შემთხვევების რაოდენობა (შეჯახება, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები). განსაკუთრებით მძიმე სურათი მცირეწლოვანთა მიმართ. დასახელებული შემთხვევების საფუძველზე აღძრულია ათობით სისხლის სამართლის საქმე”, – წერია საკრებულოს განმარტებით ბარათში.

ბულვარის ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევის და ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანების ფაქტზე, ბოლო 4 წლის განმავლობაში სამართალდამცველებმა გამოძიება 51 ფაქტზე დაიწყეს.

2018 წლის ტურისტულ სეზონზე, მოქალაქეების დაშავების შემთხვევები გაიზარდა. აღნიშნულ თემაზე აჭარის მაუწყებელმა რამდენიმე მასალა მოამზადა. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია მერიისგან ახალი რეგულაციის დაწესებას მაშინაც ითხოვდა.

ბულვარის ადმინისტრაციის მიერ საკრებულოსთვის გაგზავნილ წერილში, რომელიც 12 თებერვლით თარიღდება წერია: ​​”ჩვენი მოსაზრებით აუცილებელია, რომ ბულვარის ტერიტორიაზე დაწესდეს მთელი რიგი დამატებითი აკრძალვები თანმდევი მკაცრი ადმინისტრაციული სახდელით. მათ შორის ჯარიმა, გაფრთხილება იმ საგნის ჩამორთმევა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი ან უშუალო ობიექტი იყო. გთხოვთ განიხილოთ მოსაზრებები უმოკლეს ვადაში. გვაცნობოთ უკვე არსებული რეგულაციებისა და აკრძალვების შესახებ”.

ამ დრომდე ბულვარის მონიტორინგის სამსახური მხოლოდ იმ მეწარმეებს აკონტროლებდა, რომლებთანაც ხელშეკრულებები ჰქონდა გაფორმებული.

პროექტის მიხედვით, აკრძალვა არ შეეხება შსს დაცვის პოლიციის, სამაშველო სამსახურისა და ბათუმის ბულვარის კუთვნილ მოძრავ საშუალებებს.

მხარდაჭერის შემთხვევაში დადგენილება 2019 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდება.