კიდევ 7 სკოლის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

57

წინა სტატია

მუნიციპალური განვითარების ფონდმა 60 მოსწავლეზე გათვლილი კიდევ შვიდი სკოლის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.

კერძოდ, ტენდერები გამოცხადდა: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს თემის, ნინოწმინდის სოფელ ორლოვკის, მარტვილის სოფელ წაჩხურის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის, კასპის სოფელ წინარეხის, კასპის სოფელ კოდისწყაროს და ჭიათურის სოფელ მეჩხეთურის საჯარო სკოლების მშენებლობაზე.

ამასთან, ტენდერი უკვე გამოცხადებულია ხარაგაულის სოფელ კიცხის, ჭიათურის სოფელ რგანის, ლაგოდეხის სოფელ ჰერეთისკარის, ადიგენის სოფელ ბენარის, ჩოხატაურის სოფელ გუთურის, მარნეულის სოფელ ცოფის, გორის სოფელ პატარა მეჯვრისხევის, ზესტაფონის სოფელ არგვეთას, წყალტუბოს სოფელ წყალტუბოს, ლაგოდეხის სოფელ კაბალის, ხობის სოფელ ქვემო ქვალონის, ასპინძის სოფელ ორგორას, ადიგენის სოფელ ღორთუბნის, ახმეტის სოფელ ოსიაურის, ცაგერის სოფელ ლაილაშის, წალენჯიხის სოფელ ჯგალის, აბაშის სოფელ მაცხოვრისკარის და გორის სოფელ ოთარაშენის  საჯარო სკოლების მშენებლობაზე.

ასევე, ცნობილია, რომელ სოფლებში აშენდება 2019 წელს ახალი საჯარო სკოლები.

“ჩამოთვლილი მუნიციპალიტეტების სკოლის მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევთ განათლების მიღება. ახალ სკოლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება და სკოლის მოსწავლეები გამართული ინფრასტრუქტურით და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სწავლას. ყველა სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის”, – განმარტავენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

მათივე ცნობით, მოცემულ ეტაპზე, მუნიციპალურ განვითარების ფონდს 29 სკოლიდან 25 სკოლის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადებული აქვს.

სკოლების მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. გარდა ახალი სკოლების მშენებლობისა, მუნიციპალური განვითარების ფონდს 2019-2020 წლებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, დაგეგმილი აქვს ათეულობით სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება.