ბითაძე: გამოვლინდა, რომ ყველაზე მეტად ჰაერის დაბინძურებას დიზელი ევრო-3 იწვევს

თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ თემატური მოკვლევის ფარგლებში, საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენის მესამე დღე თბილისის მერიის წარმომადგენლებს დაეთმო. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

საქართველოს პარლამენტის ცნობით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფში თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძეს, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის, თბილისის არქიტექტურის სამსახურისა და ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელებს მოუსმინეს.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავას განცხადებით, პირველი თემატური მოკვლევის ჩატარება თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობასთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გადაწყდა. მისი თქმით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თაობაზე ბოლო წლებში განსაკუთრებით ბევრი კითხვა დაისვა, რომლებიც პასუხებს საჭიროებს.

„ქალაქში ჰაერის დაბინძურების ყველაზე დიდი წილი მოდის ტრანსპორტზე, ამიტომ ჯგუფს აინტერესებს მერიის პოლიტიკა ამ მიმართულებით, მათი ხედვა თუ რა ცვლილებების განხორციელებას აპირებენ“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრებს მიაწოდა მოკლე ინფორმაცია ქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, ამ მდგომარეობის გამოსწორების მიმართულებით მერიის მიერ ბოლო წლებში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე.

“ერთ-ერთი გამოწვევა რომელიც გვაქვს დედაქალაქში, ეს ნამდვილად არის ჰაერის დაბინძურების პრობლემატიკა, რომელიც განსაკუთრებით მაშინ გამოიკვეთა, რაც 2015 წელს ქალაქის რამდენიმე ადგილზე განთავსებული ავტომატური სადგურებიდან ინდიკატორული გაზომვების შედეგად რეალური ინფორმაციის მიღება დაიწყო. ვფიქრობ, წინგადადგმული ნაბიჯია ის, რომ დღეს ამ საკითხს ჩვენ უკვე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ეს მნიშვნელოვანია შიდა საინფორმაციო ბაზების შესაქმნელად, ასევე პრევენციული ღონისძიებების დასაგეგმად, ეს ასევე უკავშირდება ჩვენს ვალდებულებებს მრავალი საერთაშორისო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რომელთა წევრი სახელმწიფოა საქართველო“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ.

მისი თქმით, თბილისის იმ ოთხი ადგილმდებარეობიდან, საიდანაც ჰაერის დაბინძურების მახასიათებლების და ზღვარდასაშვები ნორმების გადაჭარბების შესახებ ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი, ლიდერობს დიდუბე.

მაია ბითაძის განცხადებით, პრობლემა, რაც ყველაზე მეტად იწვევს ჰაერის დაბინძურებას, ძირითადად, ორი მიმართულებით გამოვლინდა: ესაა საწვავიდან გამონაბოლქვი, საუბარია, კერძოდ, დიზელზე – ევრო-3, (ბენზინთან დაკავშრებით საქართველო ევროსტანდარტებსაა დაახლოებული) და მტვერი, რომელიც ძირითადად გამოწვეულია დაუფარავი გრუნტით, ასევე სამშენებლო პროცესში დასაწყობებული, ტრანსპორტირებული ან მშენებლობის პროცესში წესების არქონის შედეგად. მერის მოადგილემ აქვე განაცხადა, რომ დიზელთან დაკავშირებით მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და მიმდინარე წელს სტანდარტი გაიზარდა, ხოლო 2020 წლიდან შემოღებული იქნება მხოლოდ ორი სტანდარტი ევრო-5 და ევრო-6.

მან ისაუბრა ვითარების გამოსწორების მიმართულებით მერიის საქმიანობაზე, რომელიც კომპლექსურია, მათ შორისაა არსებული ავტოპარკის ჩანაცვლება, ახალი ავტობუსებისათვის მხოლოდ ახალი ევრო-6 სტანდარტის დიზელის შემოტანა, მსუბუქი ავტომობილების მოხმარების შეზღუდვა და სხვა.

“საზოგადოება მინდა იყოს ინფორმირებული, რომ იმ ავტობუსებისათვის, რომლებიც დიზელზე იმუშავებს, აუცილებლად იქნება შეძენილი ევრო-6 სტანდარტის დიზელი, რომლის დაბინძურების ხარისხი პრაქტიკულად ნულია. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მთლიანად ჩანაცვლება ხელს შეუწყობს იმას, რომ ატმოსფერულ ჰაერში მავნე გაფრქვევები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, თუმცა ამასთანავე ვფიქრობთ, რომ საჭიროა მსუბუქ და დიდგაბარიტიან ავტომანქანებზე ტექნიკური დათვალიერების კუთხით უფრო ხისტი და უფრო ეფექტიანი აღსრულების მექანიზმების განხორციელება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ამ მიმართულებით სიტუაციის გაუმჯობესებას. წინააღმდეგ შემთხვევაში მარტო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩანაცვლება ჩვენ საბოლოო შედეგს ვერ მოგვიტანს“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

მისივე თქმით, მერია ასევე მასშტაბურ ღონისძიებებს გეგმავს მტვრის ნაწილაკებით დაბინძურების წინააღმდეგ. არ მოხდება შენობების ექსპლოატაციაში გაშვება, თუ მასთან ერთად დასრულებული არ იქნება დენდროლოგიური პროექტი, რადგან გამწვანების საკითხი ასევე პრობლემურია ქალაქისთვის. მერიამ დაიწყო მცენარეების ჩანაცვლების აქტიური პროცესი, გაშენდება ასევე ორი დიდი საქალაქო პარკი – დიღმის ჭალებში და თემქის ხევში.

ერთი მათგანის მშენებლობა წელსვე დაიწყება. მისი განცხადებით, შესაბამისი სამსახურები აქტიურად მუშაობენ გრუნტის დაფარვის მიმართულებითაც.

მერის მოადგილის განცხადებით, მტვრის ნაწილაკების წარმოქმნის პრევენციის კუთხით მიმდინარე პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად, ის რეგულაციები, რომელთა შემუშავებაც ერთობლივად მოხდა და დამტვერიანების კონტროლს ითვალისწინებს, იქნება წინგადადგმული ნაბიჯი. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს რეგულაციები საკანონმდებლო დონეზე პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი იქნება, რაც დიდ გავლენას მოახდენს იმაზე, რომ ქალაქში დამტვერიანების ხარისხი შემცირდეს.

ზეპირი მოსმენა, ძირითადად, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

პროექტი ხორციელდება ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის (WFD) მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.

მსგავსი სიახლეები
თბილისის მერიასთან სტუდენტები აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. აქციის მონაწილეები დედაქალაქის
თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას, ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ დედაქალაქში ჰაერის
წინა სტატია თბილისის ვიცემერი ირაკლი ხმალაძე სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ
სახალხო დამცველის მიერ მომზადებული ანგარიში  სუფთა ჰაერის უფლების მნიშვნელობას, მისი სრულფასოვნად რეალიზების კუთხით ქვეყანაში არსებულ
თბილისში ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება და ღია სივრცეებში მასალის შეფუთვის გარეშე განთავსება დასჯადი
წინა სტატია სატრანპორტო საშუალებებით, ჰაერის დაბინძურება კრიტიკულ ზღვარს აღწევს, თუ არაფერი შევცვალეთ, ჰაერი აღარ დარჩება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, რუსთავში ბათუმის ქუჩაზე მდებარე ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სადგური
წინა სტატია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად პორტალი -
პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ატმოსფერული ჰაერის დაცვის პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ მთავრობამ, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, თბილისის მერიასთან
წინა სტატია გარემოს ეროვნული სააგენტო ავტომატური სადგურების საშუალებით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს სკოლებისა და
წინა სტატია თბილისის მერიამ საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით, კანონპროექტი მოამზადა, რომელიც ჰაერის დაბინძურების მიმართულებით, სანქციების გამკაცრებას
წინა სტატია თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მერია მომავალი წლიდან
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მშენებლობის პროცესში რეგულაციების გამკაცრებას
წინა სტატია გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, თბილისში მდებარე ბაღებისა და სკოლის ეზოებში
ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, საქართველოში ყველაზე დაბინძურებული ჰაერი თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და ზესტაფონშია. ინფორმაციას გარემოს
%d bloggers like this: